“დედამიწაზე იმისთვის ვართ, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე” – ჯო ბაიდენის საშობაო მილოცვა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ საშობაო მილოცვა გაავრცელეს.

“მე და ჯილი თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრისთვის ძალიან რთული წელი იყო…ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უჭირს სამსახურის პოვნა, საკვების შოვნა, ქირის თუ სესხის გადახდა. ეს გვახსენებთ, რომ დედამიწაზე იმისთვის ვართ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავცეთ რისი საშუალებაც გვაქვს და ვიყოთ სხვებისთვის დახმარების და იმედის წყარო, როგორც მეგობრების, ასევე უცხო ადამიანებისთვისაც”. – ამბობს ვიდეოში ჯო ბაიდენი.

“ბევრი ოჯახი შობას დანაკარგით ხვდება. მათ დაკარგეს ძვირფასი ადამიანები. მე და ჯოს გამოგვიცდია ეს მწუხარება. ვიცით რამდენს ნიშნავს გლოვის დროს კეთილი სიტყვა. ეს მადლიერების დროცაა და მადლიერნი ვართ იმ ადამიანების, რომლებიც წინა ხაზზე სასიცოცხლოდ აუცილებელ სამსახურს სწევენ და საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს გამო, მადლიერი ვართ იმ მეცნიერების, რომლებმაც იმუშავეს ვაქცინის შესაქმნელად. ვფიქრობთ იმ ჯარისკაცებზე, რომლებიც სახლიდან შორს არიან და მათ ახლობლებზე, რომლებსაც ისინი ენატრებათ. ჩვენმა ოჯახმა იცის თქვენი მსხვერპლის შესახებ და ჩვენი გული თქვენთანაა”. – ამბობს ჯილ ბაიდენი.

მისალოც ვიდეოში ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ჩვეულებრივ საშობაოდ სტუმრად 20-25 ადამიანი ჰყავთ ხოლმე, მაგრამ ამ წელს დღესასწაულს მარტო აღნიშნავენ.

“მოგვენატრება ჩვენი ოჯახი, მაგრამ ეს ისაა, რაც უნდა გავაკეთოთ რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. იმედი გვაქვს, რომ თქვენც გაითვალისწინებთ და შეზღუდავთ გადაადგილებას და შეკრებების ზომას ამ წელს”. – თქვა მან.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსი სულ 19 210 166 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 338 263 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა – 11 257 711. სადღესასწაულო დღეებში აშშ-ს შტატების უმრავლესობაში ძალაში რჩება მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილებაზე და შეკრებებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share