საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Paris Match-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს.
კითხვაზე საკმარისია თუ არა საქართველოსთვის ის მხარდაჭერა, რასაც დასავლეთი გასცემს, როცა ყველა თვალი უკრაინისკენაა მიმართული, ამბობს:
“ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა – სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის. ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს და არა მხოლოდ განცხადებად და მიმაჩნია, რომ ევროპის ქვეყნების მხრიდან ახლებური მიდგომა არსებობს. ამერიკულ მხარეს მე ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, (რაც ეჭვგარეშეა), არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა: რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება”, – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი, ასევე, აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა რეგიონისთვის საბოლოო შემობრუნებაა და “ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით წინა მდგომარეობას”. მისივე თქმით, უკრაინას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის, ქვეყნის ნაწილის განადგურების შემდეგ.