ცენტრ “ემპათია”-ს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ IV დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პენიტენციურ სისტემაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით.
“ემპათია” წერს, რომ შეზღუდული ხასიათის სამედიცინო ინფორმაციისა და კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, ასკვნიან დიაგნოზებს:
- Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) – ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).
- Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი).
“ემპათია” წერს, რომ დიაგნოზები დიდი ალბათობით პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია – გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებით აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან, შემდგომში, ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთან. შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმული – სტრესული გარემოს ზემოქმედებამ. მათი დასკვნით, ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო–ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.
“საგანგაშოა ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო – ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით. აღნიშნული მაჩვენებლები და წარმოდგენილი დიაგნოზები მიუთითებს ფსიქო – ფიზიკური ჯამრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე. ამას ემატება არასათანადო მკურნალობა, კერძოდ, წარმოდგენილი მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომურია და არა პათოგნომური, ამასთანავე, იგი ღებულობს 9 სახის მედიკამენტს ან/და დანამატს, რომელიც ეფექტის ურთიერთგაძლიერების მექანიზმით, შესაძლოა ამძიმებდეს პაციენტის მდგომარეობას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პაციენტი კვლავ ღებულობს ნეიროლეფსიურ პრეპარატს, რაც კორსაკოვის სინდრომის რისკის შემთხვევაში დაუშვებელია”, – წერს “ემპათია”.
მათივე თქმით, კვლავ არ მიმდინარეობს ვერნიკეს ენცეპალოპათიისა და პოლინეიროპათიის პათოგნომური მკურნალობა – დიაგნოსტიკა, შესაბამისად, შეუძლებელია PTSD და ემოციური აშლილობების ეფექტური მკურნალობა.
“ემპათიას” შეფასებით, არასწორად წარმართულმა “რეფიდინგის” პროცესმა გამოიწვია მდგომარეობის თანდათანობითი დამძიმება, აღნიშნულმა სიმპტომატიკამ დისპეფსიური მოვლენების სახით გორის სამხედრო ჰოსპიტალშივე იჩინა თავი.
“ამგვარად, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე: პოლიორგანული უკმარისობის რისკისა და სომატო – ნევროლოგიური, ფსიქიკური კომპონენტების გათვალისწინებით, პაციენტი საჭიროებს:
- ინტენსიურ თერაპიას: ინფუზიურ/ტრანსფუზიური, დეზინტოქსიკაციური და პარენტერალური კვებითი თერაპიის, სხვა ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების (ადგილზე მდგომარეობის გათვალისწინებით) სახით.
- საჭიროებს დამატებით დიაგნოსტიკას: თ.ტ. ზურგის ტვინის მრტ კვლევა, როგორც მინიმუმ. ნეირო – ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.
- კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილ გამოკვლევას.
- მრტ ან/და კტ – კონტრასტით სკრინინგს, შესაძლოა, ღვიძლის ფიბროსკანირებას
- ლაბორატორიულ კვლევებს, ტოკსიკოლოგიური კვლევის ჩატარებას
- მკურნალობის კურსის ცვლილებას, ინდივიდუალური მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, მკურნალობის კურსისადმი პათოგნომური მიდგომით.
- შესაბამისად, პაციენტი სასწრაფო წესით უნდა იქნას გადაყვანილი მაღალტექნოლოგიურ მულტი – პროფილურ კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის, კვებითი თერაპიის სპეციალური განყოფილებებითა და ნეირო – ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხანგრძლივი გამოცდილებით, დისტრესული სიტუაციებისაგან თავისუფალ გარემოში”.
“ემპათიას” პროგნოზით, შესაბამისი ზომების არ მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია, მდგომარეობის შეუქცევადი გაუარესება:
- კორსაკოვის სინდრომის თანდათანობითი ჩამოყალიბება (გზა დემენციისაკენ)
- ცალკეული ორგანოთა სისტემის მხრივ ან პოლი – ორგანული უკმარისობა
- ფსიქო – ფიზიკური განლევადობა, კახექსია
- ლეტალური გამოსავალი.