ხარკოვის ოლქში, რუსმა ოკუპანტებმა კერძო ავტომობილების კოლონა დაცხრილეს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 15 კერძო ავტომობილი აგრესორების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ვოვჩანსკს ტოვებდა, თუმცა მათ გზად ჩუჰუივის რაიონის სოფელ სტარი-სალტივთან, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
6 მაისს, ჩუჰუივის რაიონის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა რიგი საგამოძიებო (სამძებრო) მოქმედებები ჩაატარეს და კოლონის ადგილმდებარეობა დაადგინეს. იპოვეს დაზიანებული ავტომობილები და 4 დამწვარი ცხედარი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ხარკოვის ოლქის ჩუჰუივის რაიონული პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე. გამოძიების ჩუჰუივის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.