სახლი ბიუჯეტის ფულით – ტარიელ აროშიძეს სახლის შესაძენად ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოუყვეს

გურიაში, სოფელ ზემო ნატანებში, თითქმის ყოველი მეორე სახლი სტიქიითაა დაზარალებული. ნგრევის პირას მყოფ კარ-მიდამოში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. სახნავ-სათესი  მიწები მეწყერმა წაიღო. რამდენიმე ოჯახი კი გარემოს მოწყდა. გზის სავალი ნაწილი აღარ არსებობს:

‘მეწყერს მიაქვს ყველაფერი, მოდიან შეამოწმებენ და მერე ქრებიან როგორც ბუშტები.. ”

შეიძლებოდა დანგრეულიყო და მოვყოლოდით შიგნით, ამაზე მეტი გასაჭირი არ არსებობს..”

”რომ მოწყდება ეს სახლი და ჩაგვიყოლებს, მერე გვიანი იქნება”..- ამბობენ დაზარალებულები. ისინი წლებია, თავშესაფარს ითხოვენ.

ოზურგეთის რაიონში უმძიმეს პირობებში 351 ოჯახია. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განსახლების პროგრამის ფარგლებში გასულ წელს, ამ რეგიონში სახელმწიფომ 11 ოჯახი შეარჩია. ამ დროს პრიორიტეტი იმ საცხოვრებელს ენიჭება, რომლებიც მეწყერ-საშიშ ზონაშია და ადამიანების სიცოცხლეს იქ საფრთხე ემუქრება.

ასეთ მძიმე პირობებში მცხოვრებთა სახლები წელს კვლავ ვერ მოხვდა ამ სიაში, თუმცა განაცხადი ოზურგეთის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ტარიელ აროშიძეს დაუკმაყოფილეს.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე აცხადებს, აროშიძემ დადებითი პასუხის  მისაღებად, საკუთარი სახლი მშობლებს გადაუფორმა და მათი სახელით გააკეთა განაცხადი, რომ ცხოვრობენ მეწყრულ ზონაში და სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში.

სწორედ ამ განაცხადის საფუძველზე, მას აძლევენ ბიუჯეტიდან 30 000 ლარს, რითაც ის ქალაქის ტერიტორიაზე ყიდულობს სახლს. თუმცა აროშიძის მშობლები კვლავ სოფელ კონჭკათში ცხოვრობენ და ფაქტია, რომ იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტის შესახებ თავად ტარიელ აროშიძე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარზე უარს ამბობს ასევე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეც.

ტარიელ აროშიძის დეკლარაციაში მითითებულია რამდენიმე სახლი და  მიწა კურორტ გომისმთაზე.

”მას აქვს ბინა ქალაქის ცენტრში, რომელშიც ცხოვრობს წლების განმავლობაში. ასევე აქვს კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე უკანონდ მიითვისა და დაუკანონეს და ასევე სახლი სოფელ კონჭკათში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, ახლა კი ბიუჯეტის ფულით იყიდა მესამე სახლი” – აცხადებს დავით მჟავანაძე.

გურია ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია, სადაც  აქტუალურია სოციალური პრობლემები. მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. რეგიონში ნახავთ შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფო ფულით პირველ რიგში საკუთარ თავს ასაჩუქრებენ.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share