“ტყუილია, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება… ჩვენ ვმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს და არ აღიარებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ადრეც გვითქვამს, ახლაც ვიტყვით, არის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება. ჩვენ გავაკეთეთ კიდეც განცხადება, რომ თუკი იქნება ამის საჭიროება, მას შესაძლოა მიეწოდოს სამედიცინო სერვისები, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, – ამბობს ბრეგაძე.
შეკითხვაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, ის მედიას ესხმის თავს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ახლა თქვენ რა ინფორმაციასაც ავრცელებთ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ტყუილი. ნუ ემსახურებით დეზინფორმაციას, თქვენ ახლა აჟღერებთ მტკიცებით ფორმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ეს არის ტყუილი. ის გადაადგილდება დამოუკიდებლად… ნუ ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას, თქვენ როდესაც ყალბ ინფორმაციას ავრცელებთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით თქვენ ძაბავთ მათ შორის მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ ხელი შეუწყოთ საზოგადოებრივ მღელვარებასაც და ეს არის მავნებლობა, – ამბობს ბრეგაძე.
ბრეგაძე ამბობს, რომ იმისთვის, რომ “მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობა იყოს კარგ მდგომარეობაში”, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.
თუკი ვინმე დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს ვართ ჩვენ. მინდა დავამშვიდო ყველა, რომ როგორც იუსტიციის სამინისტრო ასევე სახელმწიფო, გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყოს კარგ მდგომარეობაში, ისევე როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, – ამბობს ის.
აქვე, ის მოუწოდებს სახალხო დამცველის აპარატს, გაასაჯაროოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 30 აპრილს მათთვის გადაგზავნლი კითხვარი, რაზეც, მისი თქმით, წერილობითი პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ენდობა თუ არა ის კონსილიუმის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, ის ასე პასუხობს:
ეს არის მიზანმიმართული კამპანია თითქოს იუსტიციის სამინისტრო ან სახელმწიფო უნდობლობას უცხადებს ექიმებს. ეს არის ტყუილი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდობლობას ვუცხადებთ ექიმებს, ჩვენ დავსვით კითხვა და თუ უნდა ეს სახალხო დამცველს, როგორც ამბობენ, მათ აქვთ მიხეილ სააკაშვილისგან წერილობითი თანხმობა და მაშინ გაასაჯაროონ, აქვე მოვუწოდებ, ის წერილობითი კითხვები, რომლითაც მივმართეთ ჩვენ და გახდეს ეს მაშინ საზოგადოებისთვის ცნობილი, – ამბობს ბრეგაძე.