შემოქმედის ეპარქიის სხდომის ოქმი – მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმოქმედება დაუბრუნდა

შემოქმედის ეპარქიის სხდომის ოქმი:
თავმჯდომარე: მაღალყოვლადუსამღვდელოესი შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები
კრებას ესწრებოდა შემოქმედის ეპარქიაში შემავალი სასულიერო პირები: მღვდლები, დიაკვნები და ბერ მონაზნობა.
სხდომა გახსნა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა. მეუფემ, პირველ რიგში, ისაუბრა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მნიშვნელობაზე.
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, დიდი ხანია არ შეკრებილან სასულიერო პირები. მეუფე იოსებმა კოვიდ ინფექციის მშვიდობიანად გადატანა მიულოცა სასულიერო პირებს და აქვე მოიგონა ის 2 სასულიერო პირი შემოქმედის ეპარქიიდან, რომლებიც, სამწუხაროდ, კოვიდ 19-მა იმსხვერპლა.
მეუფემ ბრძანა: პანდემიის შემდგომ კიდევ დიდი განსაცდელი დაატყდა კაცობრიობას რუსეთ-უკრაინის ომის სახით. ეს ომი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებით არ დამთავრდება,არამედ ეხება ყველა ქვეყანას,მათ შორის ჩვენც,არის საშიშროება, ეს ყველაფერი გადაიზარდოს მე-3 მსოფლიო ომში, შესაძლოა ამას მოჰყვეს ატომური ომი. მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს ზემოთ აღნიშნულს. ყველაფერი მაინც იქითკენ მიდის, რომ დედამიწაზე გაბატონდეს ანტიქრისტე… ბევრი სასულიერო პირი წინასწარმეტყველებს, როდის იქნება მეორედ მოსვლა. ეს არასწორია, რადგან მეორედ მოსვლის დრო მხოლოდ მამა ღმერთმა უწყის.
ამის შემდგომ მიტროპოლმა იოსებმა საუბარი განაგრძო კრების მოწვევის მთავარ თემებზე და აღნიშნა, რომ შემოქმედის ეპარქიაში არის რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც აშკარად რუსეთის მხარეს იხრებიან, რადგან ჰგონიათ, რომ რუსეთი გადამრჩენელია, რადგან ის მართლმადიდებელი ქვეყანაა.
მეუფემ აღნიშნა:რუსები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს 20%, რატომ უნდა დაუდგე გვერდით? ამქვეყნად არსებობს ბევრი იდეოლოგია, მაგრამ ყველა, რაც მართლმადიდებლობასთან არ არის კავშირში, არის მწვალებლობა. ყველა პარტიას აქვს თავისი კანონი, ბევრი მათგანი კი ეწინააღმდეგება ქრისტეს სჯულს. ადამიანების მკვლელობების გამართლება, რასაც სჩადის რუსეთი, არ არის სწორი… მე არ მაქვს საუბარი პიროვნებებზე. ყველა პარტიაში არსებობს კარგი და ცუდი. ჩვენ მხარი შეიძლება დავუჭიროთ ადამიანებს, მაგრამ არა იდეოლოგიას. მე ვისაც მხარს ვუჭერდი – პიროვნებებს, ბევრი კარგი მაინც აქვს გაკეთებული საქართველოს განვითარებისთვის. უშეცდომო არავინაა. მე მაქვს ჩემი აზრი, რომელსაც თავს არავის ვახვევ. მე არასდროს არავისთვის მომიწოდებია ვინმესთვის დაეჭირათ მხარი და არავიზე არ მომიხდენია ზეგავლენა,ადამიანს აქვს თავისუფალი ნება.
მეუფემ ბრძანა: მინდა ყველა გაგაფრთხილოთ, რომ მძიმე ვითარებაა, დედამიწაზე გაბატონებას ცდილობს ანტიქრისტე. სასულიერო პირები მოწოდებულნი უნდა იყვნენ ლოცვისკენ და არა პარტიული იდეოლოგიისკენ. ჩვენ ყველა ერთი მამის და დედის შვილები ვართ, უფლის და დედა ეკლესიის და უნდა მივდიოთ მას და არა სხვა რამეებს.
მეუფემ აქვე დასძინა, რომ უცოდველი არავინაა და თუ ჩვენ სინანული გვექნება, უფალი გვაცხონებს.
კრებაზე დასმულ იქნა განსახილველი საკითხები, რომლებზეც იმსჯელა კრებამ და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
1.მამა ვახტანგ თოხაძის მიერ ალტ-ინფოს ოფისის კურთხევის გამო მღვდლობის შეჩერების საკითხი – მეუფემ აღნიშნა, რომ ალტ-ინფო ფინანსდება რუსეთის მიერ და რომ ისინი სენსიტიური თემებით (მაგ. ჰომოსექსუალიზმი, ფსევდოპატრიოტული და ეროვნული მოწოდებებით) ზემოქმედებენ ჩვენს საზოგადოებაზე.
მეუფე იოსები: მე მინდა მამა ვახტანგიმ დაიბრუნოს მღვდელმოქმედების უფლება, ეს კი მის სინანულზეა დამოკიდებული.
მამა ანდრია კბილაშვილმა აღნიშნა, რომ სასულიერო პირები ლოცულობენ მშვიდობისთვის, რომ მათთვის მთავარი არის ღმერთი, ხოლო განსჯა ღმერთს უნდა მივანდოთო.
მამა მარკოზ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ზოგადად სასულიერო პირი უნდა ეცადოს არ ჩაერიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა მოგვესმინა თავად მამა ვახტანგისთვის.
მამა ვახტანგ თოხაძემ პირველ რიგში აღდგომა მიულოცა ყველას. ბრალდებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავ-თავიანთი შეხედულება და აქვე ითხოვა შენდობა ალტიმფოსთან ურთიერთობის გამო,ყველას მიმართ, ვინც მის გამო განკითხვაში ჩავარდა ან დაბრკოლდა.
მამა ვახტანგ თოხაძეს დაუბრუნდა მღვდელმოქმედება. მეუფე იოსებმა აკურთხა და დალოცა მამა ვახტანგი.
აქვე დასძინა,რომ არცეთ სასულიერო პირს არააქვს უფლება ეპისკოპოსის ლოცვაკურთხევის გარეშე რაიმე მოიმოქმედოს,ასევე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, აკურთხოს პარტიული ოფისები და სხვა.
აგრეთვე 2 სასულიერო პირს მიეცა გაფრთხილება, სოციალურ ქსელში გაკეთებული პოლიტიკური კომენტარების გამო.
2.კრებამ მეორე საკითხად განიხილა ღამისთევის ტიპიკონური მსახურების წესი და დაადგინა, რომ თუ სადმე ხდება ისე, რომ საღამოს ლოცვა ტარდება 16:00 სთ-ზე და შემდგომ წირვა 00:00 სთ-ზე, ეს არასწორია და უნდა შეიცვალოს გამონაკლისი შემთხვევების გარდა.
აქვე აღინიშნა, რომ პირველშეწირულის წირვა ტარდება მაშინ, როდესაც მრევლი საზიარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენს პირველშეწირული წირვის ჩატარება.
3.შემდეგი საკითხი შეეხო კონდაკის მიხედვით მსახურების წესს – ლოცვა, ცისკარი , წირვა. მსჯელობის შემდგომ დადგინდა, რომ მართალია ცისკარი უნდა ჩატარდეს დილით, თუმცა ვისაც როგორი პრაქტიკა აქვს დანერგილი, ამ ეტაპზე იმას შეუძლია მიჰყვეს, სანამ სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
4.წესის აგების საკითხი – ამჟამად წესის აგება ხდება ყველა მონათლულ ადამიანზე, რომელთაგან, შესაძლოა, ზოგი ათეისტია, ღვთის მგმობელია, ნათლობის შემდეგ ეკლესიაში არ ყოფილა და სხვა.აღნიშნული, კრების აზრით, არასწორია, მათი წესის აგება,ვინაიდან სახარებაში წერია: (ვინც არ აღიაროს თავისი ცოდვები არ შეინანოს,არ ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა)ბრძანებს მაცხოვარი იესო ქრისტე.
რაც შეეხება წესის აგებას მოუნათლავებსა და თვითმკვლელებზე, კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ ეს დაუშვებელია.
9 მაისი, 2022 წელი / ქ. ოზურგეთი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share