„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას 4 პუნქტიან, მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვის შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, წახალისდება ნებისმიერი საინტერესო პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს. ცვლილებების მიზანია მეტი დემოკრატიულობის, გახსნილობისა და მეტი ჩართულობის დამკვიდრება.
„პირველი – ჩვენი ოფისები გახდება ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იდეით მოვიდეს, იმუშაოს მის განვითარებაზე, და ჩვენი მხარდაჭერა მიიღოს.
მეორე – წახალისებული და მხარდაჭერილი იქნება ნებისმიერი საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სოციალურ-პოლიტიკური თანასწორობას, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის განვითარებას.
მესამე – “ნაციონალური მოძრაობის” ოფისები არა პარტიული ბიუროკრატიული ოფისების ნაწილად ჩამოყალიბდება, არამედ მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრებად.
მეოთხე – თქვენი ჩართულობისა და გაძლიერების მიზნით, “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის მიერ დაფინანსებით, საჯარო მონაწილეობის მოდელზე გადადის. თითოეულ თქვენგანს, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ “ნაციონალური მოძრაობის” დელეგატი, წარმომადგენელი გახდეთ. სიმბოლური შენატანით. საქართველო ქართველ ხალს ეკუთნის და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რას სჭირდება მას“, – განაცხადა მელიამ.
დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა.