ინფიცირებულთა რაოდენობასთან ერთად, იზრდება კრიტიკულ პაციენტთა რიცხვიც, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„დღეს 53 კრიტიკული პაციენტი გვყავს. ისინი განთავსებულნი არიან სხვადასხვა რეგიონში, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ რეანიმატოლოგების მხრიდან, ხორციელდება ცენტრალიზებული მონიტორინგი. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეანიმატოლოგების კლინიკური ჯგუფი, რომლებიც ცენტრალიზებულად მართავენ ამ პაციენტებს. მათი მხრიდან ხდება ყველა საჭირო ღონისძიებისა და მკურნალობის შეთანხმება. ისინი ჩართულნი არიან ამ პროცესში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვიმედოვნებთ, დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება და ნიღბების ინტენსიური, მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება.
„აღსანიშნავია ის კომპონენტი, რომ კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც საყურადღებოა. დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის.
პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების. ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი. დიდ იმედს ვიტოვებთ, დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში და ნიღბების ინტენსიური, მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.