საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება. ის მეოთხე დღეა “ვივა მედის” კლინიკაში იმყოფება, თუმცა მასთან პირად ექიმსა და “ემპათიას” კონსილიუმის წევრებს არ უშვებენ.
ნიკოლოზ ყიფშიძეს კლინიკაში შესვლის მცდელობა დღესაც ჰქონდა, თუმცა ვერ მოხერხდა. კონკრეტულად რა კვლევები ჩაუტარდა მესამე პრეზიდენტს, უცნობია.
“გამოკვლევები არ არის დასრულებული “ვივა მედში” შესაბამისად, მე არ ვიცი საერთოდ რა დასკვნა უნდა დადოს “ვივა მედმა”, რომელი პროცესუალური იურისდიქციის მიხედვით უნდა დაიდოს ეს დასკვნა. მიგვაჩნია, რომ დიაგნოსტიკა უნდა იყოს უფრო დეტალური, უფრო მრავლისმომცველი, მათ შორის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაა აუცილებელი, მე ვფიქრობ, საზღვარგარეთ, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სომატური თუ ნევროლოგიური პათოლოგია და მისი მიზეზები”, – თქვა “ემპათიას” დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა.
ის კატეგორიულად მოითხოვს, ექსპერტებს პაციენტის მონახულების საშუალება მიეცეთ. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს მიიღებს.
თბილის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომაზე დასწრებას დღესაც ვერ შეძლებს.