“ნეტგაზეთი” და “ბათუმელები” “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მედია წერს, რომ სასამართლოს მიერ, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯა აღიქმება, “როგორც გაფრთხილება და მუქარა თითოეული იმ მედიისა და ჟურნალისტის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ხელისუფლების ცენზურას, კრიტიკულად აშუქებს მის საქმიანობას, იკვლევს კორუფციაში მაღალჩინოსანთა სავარაუდო ჩართვის შემთხვევებსა და სააშკარაოზე გამოაქვს ისეთი ფაქტები, რომლის გაშუქებაც ხელისუფლებას არ სურს”.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის საშიში, ლოგიკური გაგრძელება იმ რეპრესიული პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში მის კონტროლს მიღმა არსებული მედიის წინააღმდეგ ახორციელებს.
ნეტგაზეთი და ბათუმელები საერთაშორისო მედიას, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, რომ საქმის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა გამოიჩინონ.
“სწორედ ამიტომ, მივმართავთ საერთაშორისო მედიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მედიისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა, რათა საქართველოში შესაძლებელი გახდეს დამოუკიდებელი მედიის მუშაობის გაგრძელება ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა”,- წერია განცხადებაში.