დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში – ლომჯარია გვარამიაზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა.

როგორც მან გვარამიასთან შესვლამდე განაცხადა, დღევანდელი განაჩენი მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიმართ კანონთან შეუსაბამოა და ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება. ამაზე ომბუდსმენმა მთავარ არხთან ისაუბრა.

“ეს არის გაგრძელება კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული ძალიან მტრული გარემოსი და ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოვლინება. ჩვენ ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელებისა და მედია მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს, დისკრედიტაციის მცდელობებს და დღეს ალბათ უკვე ყველაზე კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში და ჩვენ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის და გამოხატვის თავისუფლება, არამედ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში”- თქვა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმითვე, ამ საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმატება ექნება.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share