“ეს ნამდვილად არის ბნელი დღე მათთვის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს” – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას. ამის შესახებ იან კელიმ მთავარ არხთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
იან კელი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება გახდება გარდამტეხი ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაში. ის არ გამორიცხავს, რომ დეკმოკრატიისთვის ძირგამომთხრელი გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მიმართ შეზღუდვების დაწესებაზე ვაშინგტონში იმსჯელონ.
“ეს ნამდვილად არის ბნელი დღე მათთვის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
მე რომ ახლა საქართველოს მთავრობის წევრი ვიყო, ნამდვილად ვინერვიულებდი ამერიკის კონგრესის რეაქციით, რადგან სწორედ კონგრესია ის, ვინც საგარეო დახმარებას უწევს კოორდინაციას და ამტკიცებს ბიუჯეტს. მე ვარ დარწმუნებული, რომ იქნებიან კონგრესის წევრები, რომლებიც მიმართავენ სახელმწიფო დეპარტამენტს და მოუწოდებენ რეაქციისკენ ამ ფაქტისადმი. შესაძლოა, იყოს მოწოდება საქართველოსთვის გამოყოფილ საგარეო დახმარებაზე პირობითობის დაწესებისკენ, რისი მხარდამჭერიც მე ვერ ვიქნებოდი, თუკი ეს ზომა არ იქნებოდა გამოყენებული იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილებასთან.
ჩვენ გვინახავს მაგალითები, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაუწესა მოგზაურობის შეზღუდვები პარტნიორ ქვეყნებს, უკრაინას და მოლდოვას და იმ ინდივიდებს ამ ქვეყნებში, რომლებიც ძირს უთხრიდნენ საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ამ ქვეყნებში და მე ვვარაუდობ, რომ საქართველოს მიმართ ამ ზომების გამოყენებაზე შედგება საუბრები ვაშინგტონში.
არსებობს პრეცენდენტი იმაზე, რასაც ჩვენ ვეძახით მკაცრ სიყვარულს მოლდოვისა და უკრაინის მიმართ, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესებისადმი განხორციელდა ძირგამომთხრელი ქმედებები ოლიგარქების მიერ, მე ვსაუბრობ ბატონ კოლომოისკიზე უკრაინაში და პლახატნიუკზე მოლდოვაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები. როცა დრო გავა და უკან მოვიხედავთ, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტზე ვნახავთ, რომ გამოჩნდება გარდამტეხ მომენტად ამერიკის კონგრესისა და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილე მთავრობის წევრთა მხრიდან, საქართველოსთან დამოკიდებულებებში”, – ამბობს კელი.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.