ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია, რადგან “მოქმედი ტარიფი დიდი ხანია ვეღარ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილს ხარჯებს ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებით”.
ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ ისაუბრა.
“ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით.
უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე”. – თქვა ბოცვაძემ.
მისივე თქმით, კომპანია აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი პრობლემატური დავალიანებებისა და სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს, თუმცა, “თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი”.
მიხეილ ბოცვაძემ საუბრის დასასრულს ელეოქტროენერგიის მარეგულირებელ კომისიას მიმართა და სრული პასუხისმგებლობა მას დააკისრა.
“გვსურს, გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია”. – თქვა ბოცვაძემ.