“სახლი მაგას არ აქვს და კარი, რაც აქვს იმას ისედაც ხედავდით – სათვალეები, ფეხსაცმელები და ამგვარი სისულელეები..” ეკა ხერხეულიძე გვარამიაზე

“სახლი მაგას არ აქვს და კარი, რაც აქვს იმას ისედაც ხედავდით – სათვალეები, ფეხსაცმელები და ამგვარი სისულელეები..” – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე Facebook-ზე წერს და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.

ეკა ხერხეულიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“რ2 რომ წაიღეს,სამი დღე იწვა.თავის ინტერვიუში ახსნა რა ტანჯავდა(დასავლეთის ხელით თავისუფალი სიტყვის გაუქმება). მეოთხე დღეს ძალა მოიკრიბა, ადგა და მოვიდა. მიწვა დივანზე, თმაში ხელებს ნერვიულად ამოძრავებდა, უცებ წამოჯდა და მეუბნება – აქ რომ ხალხი მოვიყვანო, შეიძლება? რას მეკითხები, აბა რა უნდა ქნათქო.. ეს იყო პირველი დღე.. უკაპიკო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არაფრის მქონემ დაიწყო ახალი ტელევიზიის კეთებაზე ფიქრი. ნაქირავები ბინის გადასახდელი ქირა, ბავშვების სწავლის გადასახადი, გიკო ამერიკაში, უკაპიკოდ დარჩენილი სოფო..მოკლედ, თავზე ჰქონდა ჩამომხობილი ყველაფერი. ყველა მახსოვს, ვინც სულ მცირედიც კი გაიღო მაშინ მისთვის. ისინიც მახსოვს, შიშველი ხელებით დარჩენილს რამდენმა უთხრა ფულის სესხებაზე უარი…ყველაფერი მახსოვს…

ამ დღის მერე, ჩემს სახლში თანამოაზრეების რიცხვი იზრდებოდა, ზოგი კაბელის გაჭიმვის ტექნიკურ დეტალებზე დარდობდა, ზოგი ტექნიკის უბრალოდ არ არსებობაზე, ზოგი სიხშირეზე და ათას მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალზე.. ასე დაიბადა რ2-ის დახურვიდან 19 დღეში “მთავარი”. ეს ის ხალხია, ვისაც დღეს ფინანსურად ძალიან უჭირთ. და არა მხოლოდ დღეს..მუდმივად ხელფასების დარიგების პრობლემა იყო და ამისთვის დიდ ძალისხმევას დებდა რეჟიმი. ატერორებდა ყველას, ვისაც რეკლამა მიჰქონდა, ყადაღა დაადეს ტელევიზიის ყველა რეკვიზიტს, მაგრამ ვერ დაშალეს.

ვისაც არ ეზარებოდა ყველა ნიკას შემოსავალს ითვლიდა, რასაც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფიზიკურად ვერ იღებდა. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრების ბარათებით უყიდია ოჯახისთვის საჭმელი. თავის ხელფასს ას ნაწილად ყოფდა, სოხუმელი კლასელებისთვის, გაჭირვებულებისთვის, დამხმარების მომლოდინე ადამიანებისთვის. სახლი მაგას არ აქვს და კარი, რაც აქვს იმას ისედაც ხედავდით – სათვალეები, ფეხსაცმელები და ამგვარი სისულელეები.. დარწმუნებული ვარ, ახლაც კაპიკი არ აქვს სოფოსთვის დატოვებული ზუსტად ისე, როგორც მაშინ რ2 დან რომ წამოვიდა. მაინც ყველაზე ხელგაშლილი და კეთილია.

ვერასდროს შეამჩნევ რა უჭირს. მის გვერდით ყველა ძლიერია. შეპყრობილი იდეალისტია და არასდროს ნებდება. უშიშარი მეომარია, ხუთოსანი ბიჭისთვის არადამახასიათებელად მამაცია. საოცრად ამაყია თავისი მშობლებით, უწესიერესი მებრძოლი მამით და დედით. მთავარი, რაც განასხვავებს ყველასგან, ეს არის მისი ნიჭიერება. ნიჭიერება და სიმამაცე კი ისეთი უნიკალური სინთეზია, ვერაფერი მოერევა. გითხარით კიდეც მჯეროდა, რომ დაიჭერდნენ. ძალიან არ მინდოდა გუშინ მენახა, ვიცოდი თავს ვერ შევიკავებდი და მასაც დავამძიმებდი. საღამოს ფორმულას ეთერში ვნახე, ვერ მოვითმინე, გავიქეცი, ეთერიდან რომ გამოვიდა, გული ამომიჯდა, მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს და უსიტყვოდ გავცვალეთ ჩვენი წინათგრძნობა.

დღეს პირველი დღეა დილის მერე ერთმანეთისთვის სიტყვა რომ არ მიგვიწერია. ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ გამარჯვებული დაუბრუნდება თავისუფლებას, მაგრამ ახლა რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი “მთავარი” უტყუარად გადარჩება. ნიკას სიყვარულით გაერთიანებულმა საუკეთესო გუნდმა უფრო დიდი კაპიტალი შეიძინა, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფით მიღებული გარანტიებია. ამ ხალხს ახლა რომ უსმენთ,არცერთს ხელფასი არ აქვს და არ იციან ხვალ რითი გაუმკლავდნენ ყოფით პრობლემებს, მაგრამ შეხედეთ,მათზე ძლიერი არის დღეს ვინმე? ასეთია ჩემი საყვარელი საქართველო – მოგების გათვლების გარეშე მებრძოლი იდეალiსტების გუნდი. მთავარი არხი მიყვარხართ,პატრიოტებო”, – დაწერა ეკა ხერხეულიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share