2022 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 0.4%-ით აღემატება 2022 წლის მარტის და 30.7%-ით 2021 წლის აპრილის მაჩვენებელს. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, წლიურ ინფლაციაზე ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასის ზრდამ იმოქმედა: რძე – 12.4%, საფუარი – 15.1%, კარაქი – 23.8%, ყველი – 24.8%, კვერცხი – 29.7%, ფქვილი – 41.1%.
ამასთან, „აისეტის“ ცნობით, ფასების ზრდა თანხვედრაშია საქსტატის წლიური ინფლაციის ოფიციალურ მონაცემებთან. „საქსტატის“ ანგარიშით, სურსათის კატეგორიაში ფასების ზრდამ 21.3% შეადგინა.
„თვიურ ჭრილში ფასები შედარებით ნელი ტემპით გაიზარდა. ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: რძე – 2.8%, კვერცხი – 2.3%, ფქვილი – 1.3%, კარაქი – 0.9%. უმნიშვნელოდ, მაგრამ შემცირდა ყველისა (0.6%) და საფუარის (0.8%) ფასები. უნდა აღინიშნოს, რომ ხაჭაპურის ინდექსი ამჯერადაც მიყვება ნედლი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტენდენციას, როცა დიდი მარხვის დაწყების შემდეგ მცირე ჩავარდნა ფიქსირდება მოთხოვნის მხარეს.
მოსალოდნელია მომდევნო თვეებში რძის პროდუქტებზე ფასების კლება, რაც განპირობებული იქნება წარმოების სეზონური ზრდით. თუმცა სავარაუდოა, რომ სურსათის ფასების ინფლაცია მაინც მაღალი იქნება, რადგან ხორბალსა და სხვა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა,“-აღნიშნულია კვლევაშია.
bpn.ge