სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას თეა წულუკიანის სიტყვებს ეხმაურება. ლომჯარია მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წვერებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
“იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:
- ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!
- ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, “პატიმრებზე მზრუნველი” მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივი მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ!” – წერს ლომჯარია.
დღეს, 28 დეკემბერს პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ “მგონი, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს” და აპარატს იურიდიული კომიტეტის სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდა.