ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ 221-ე დებულებაში შევიდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანი დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირებაა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ bm.ge-ს აცნობა, საქართველოს მთავრობის “ტყით სარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულების დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსების ფასად – 1 ლარის ნაცვლად, 10 ლარი იყო მითითებული, რაც ტექნიკური ხარვეზია.
„საქართველოს მთავრობის “ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და ის სიმბოლური ფასი – 1 ლარი (1 სკა წლის განმავლობაში) ეღირება. აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანია დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.
გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის (წარმოშობის) მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე – ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა. ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა, რაც სიმბოლურ თანხად 1 ლარად განისაზღვრა.
როგორც მოგეხსენებათ, ტყის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვარს, რამაც ტყით სარგებლობის ერთ-ერთ სახედ დაადგინა ფუტკრის მეურნეობის წარმოება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს სიახლეს და უკვე ერთ წელზე მეტია განხილვის საგანია დარგობრივ სექტორში. დადგენილებაში კი, დაზუსტდა სარგებლობის წესები და პირობები, როგორც არამერქნულ ტყის რესურსზე (ისიც სიმბოლურ 1 ლარად). აღსანიშნავია, რომ სარგებლობის საფასურად განისაზღვრა მინიმალური თანხა, (ერთ სკაზე 1 ლარი).
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ,,ტყით სარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულების დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსების ფასად – 1 ლარის ნაცვლად, 10 ლარი იყო მითითებული, რაც ტექნიკური ხარვეზია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
bm.ge