ცნობილი ოზურგეთელი ტენორი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

წარმოშობით ოზურგეთელი, სოფელ ბაღდათიდან, ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი იყო, როცა 1977 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასში ჩაირიცხა. მან კონსერვატორია 1980 წელს დაამთავრა.

სხვადასხვა წლებში, მომღერლის მიერ შესრულებულ მრავალრიცხოვან პარტიას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი და მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა”), ლენსკი და ვოდემონი (პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“), რადამესი (ვერდის „აიდა“), ალფრედი (ვერდის „ტრავიატა“), ჰერცოგი (ვერდის „რიგოლეტო“), ოტელო (ვერდის „ოტელო“) და სხვ.

1993 წლიდან ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. 1995 წელს ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარის საოპერო თეატრში პრემიერაზე და 1998 წელს ანტალიაში (თურქეთი) ბათუმის თეატრის გასტროლების დროს.

ალექსანდრე ხომერიკის ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მოსკოვი, 1982) და საქართველოს სახალხო არტისტია (1985).

მის მნიშვნელოვან ჯილდოებს შორისაა, აგრეთვე, რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიები (1995 წ.), ღირსების ორდენი (1998 წ).

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share