კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი თავის Telegram არხზე საქართველოს შესახებ წერს და “ქართულ ოცნებას” აქებს.
ის ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების “გაწონასწორებულმა პოზიციამ” სასიამოვნოდ გააოცა.
“ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე.
არ მინდა ცუდზე ვწერო, კარგი სიახლეები კი ბოლო წლებში იქიდან არ ყოფილა. ან გავრილოვს პარლამენტში არასწორ სავარძელზე დასვამენ, ან პოზნერის დაბადების დღეს ჩაშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველიც ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.
საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში, უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. “ქართული რუკის” გატეხვა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველომ გახსნას “მეორე ფრონტი” აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დააწესოს გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის სამხედრო გზით. ეტყობა, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები 10 წლის წინ დაემშვიდობნენ მიშას და გასტროლებზე გაგზავნეს.
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საკუთარ ფეხში გასროლა უწოდა”, – წერს კანდელაკი.
მისივე თქმით, ევროპულ ქვეყნებში “გლობალური მასობრივი ფსიქოზისა” მიუხედავად, საქართველომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს “თბილად და სწორად აღნიშნა”.
“ასევე, მიუხედავად გლობალური მასობრივი ფსიქოზისა, რომელსაც ვხედავთ პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და სხვაგან, გამარჯვების დღე წელს ძალიან თბილად და სწორად აღნიშნა საქართველომ: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან და სხვა.
რაც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები, წაშალონ ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლი მეხსიერებიდან, საქართველოში ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) 1941 წელს ფრონტზე წავიდა, ნახევარზე ცოტა მეტი კი ცოცხალი დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. რაიხსტგზე გამარჯვების დღოსა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ქართველები იყვნენ – ჯუღაშვილი და ბერია.
ხსოვნა ამის შესახებ დაფასებული უნდა იყოს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში. ამას ვერც ერთი სააკაშვილი ვერ შეუშლის ხელს. სააკაშვილი დიდი ხანია მივიწყებულ წარსულშია, ხოლო დაუვიწყარში – რევაზ ჩხეიძის დიდებული საბჭოთა ფილმი “ჯარისკაცის მამა”, რომელიც ჩემზე უკეთ აგიხსნით, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ქართველისთვის კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე, მთავარ ბოროტებაზე გამარჯვებას”, – წერს ის.
თინა კანდელაკი ასევე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან “დადებით სიგნალებს” რუსული მხარეც ხედავს. მისი თქმით, ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება იყოს.
“იმედი მაქვს, ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან ვხედავ არა მხოლოდ მე, არამედ კოლეგებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადვილი არ არის. არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი და განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დადგა დრო, თუ არ ვმეგობრობთ, ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ. ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.
ცნობისთვის დავამატებ: რუსებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოს მოსანახულებლად; საქართველოს მოქალაქეების რუსეთში შესვლა თითქმის შეუძლებელია; საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებოდნენ რომ სცოდნოდათ, მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ, ბერლინში ჩასვლაზე კი პრობლემა არ აქვთ”, – წერს კრემლის პროპაგანდისტი Telegram-ში.