ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღეს თეა წულუკიანმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებასა და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.
მოქმედი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, გაოგნებულია თეა წულუკიანის შეთქმულების თეორიით და ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც სააკაშვილის დამარცხებას ერთად ზეიმობდნენ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, წულუკიანის თავდასხმის სამიზნე გახდებოდა.
”გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, როცა ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მიშას (სააკაშვილის) გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის განათლებული ადამიანია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის დემოკრატიის მხარდამჭერი იყო.
ახლა რაღაც მოხდა, არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე ,,ნაციონალური მოძრაობის” ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ! მიკვირს, რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს.
მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია. წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი! როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება”– განაცხადა ევროპარლამენტარმა.
წყარო – ტვ პირველი