„მაკდონალდსმა“ რუსული ბიზნესისთვის ადგილობრივი მყიდველი იპოვა, მას შემდეგ რაც უკრაინის ომმა იგი აიძულა, რომ ქვეყნის ბაზარი დაეტოვებინა, – ამის შესახებ BBC იუწყება.
ალექსანდრ გოვორი, რომელიც ამჟამად ციმბირში მაკდონალდსის 25 რესტორანს მართავს, ფირმის რესტორნებსა და პერსონალს მიიღებს და მათ ახალი ბრენდის ქვეშ ამუშავებს.
„მაკდონალდსმა“ არ გაამჟღავნა გასაყიდი ფასი, მაგრამ ინვესტორები გააფრთხილა, რომ იგი 1 მილიარდ დოლარზე მეტ ზარალს მიიღებს.
გოვორი არის „მაკდონალდსის“ ლიცენზიატი 2015 წლიდან. ის ასევე არის Neftekhimservice-ის, გადამამუშავებელი კომპანიის თანადამფუძნებელი და კიდევ ერთი ფირმის საბჭოს წევრი, რომელიც ფლობს Park Inn სასტუმროს და კერძო კლინიკებს ციმბირში.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა განაცხადა, რომ შეთანხმება გრძელი და რთული მოლაპარაკებების პროცესის შედეგია და მთავრობა გოვორს ოპერირების დასაწყებად ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.
პირობები ითვალისწინებს რუსეთში „მაკდონალდსის“ 62 000 თანამშრომლისთვის არსებული ანაზღაურებით მინიმუმ 2 წლით სამსახურის შენარჩუნებას. რესტორნებს ჩამოართმევენ მენიუს, ლოგოს და სხვა მახასიათებელ ნიშნებს.
რესტორნის ახალი სახელის საპატენტო განაცხადი „ძია ვანია“ რუსეთის ხელისუფლებას მალევე შესთავაზეს.
„მაკდონალდსმა“ რუსეთში ბიზნესსაქმიანობის დროებით შეჩერებაზე 2022 წლის 8 მარტს განაცხადა, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას მოჰყვა.
„მაკდონალდსი“ რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
1990 წელს მოსკოვში პირველი რესტორნის გახსნა ცივი ომის დაძაბულობის დათბობის სიმბოლოდ იქცა. ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთმა თავისი ეკონომიკა დასავლეთის კომპანიებისთვის გახსნა.