“ფორმულას” ინფორმაციით, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.
წყაროს ინფორმაციით, მიზეზი სწორედ ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილება გახდა.
საელჩოს პროგრამით მოსამართლე ფინანსდებოდა სრულად იმისთვის, რომ ფლორიდაში პროფესიული კვალიფიკაცია აემაღლებინა, მაგრამ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან გამორიცხეს.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა კლანის წევრზე სანქციების დაწესების საკითხი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაზე დასვეს.
ამ ეტაპზე უცნობია, ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის მიზეზი ეს თხოვნაა თუ არა, თუმცა ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკაში ტრენინგზე ვეღარ წავა.
მოსამართლის თანაშემწე, თამარ ფხაკაძე “ფორმულასთან” ამბობს, რომ სემინართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.