პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი წყდებოდა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის მოცემული ფაქტი, რაც ახალი მოვლენა არ არის. ჩვენ გვახსოვს ზუსტად იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაშინ ეს წარმატებული არ იყო. იმედია, მათი ეს აგიტაცია არც ამ შემთხვევაში იქნება წარმატებული. თქვენ იცით, რამდენჯერაც კონკრეტულ კაბინეტებში შედიან ეს პოლიტიკოსები, იქიდან კონკრეტული მესიჯები გამოდის. ამის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან ისინი ამ კაბინეტებში და რა მესიჯებით დადიან დერეფნებში“, – განაცხადა კობახიძემ.