უკრაინის გამარჯვება საქართველოში ჩალექილი რუსული სპეცსამსახურების ნეიტრალიზებას შესაძლებელს გახდის, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული აქვეყნებს.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდეს და კონფლიქტი არ დაკონსერვდეს.
“რუსეთი მსოფლიო-ეკონომიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი იყო სამი ათეული წელი, ამიტომ მისი სრული ჩახსნა ამ სივრციდან დროში გაწელილი პროცესი იქნება. კიდევ რამდენიმე წელი იფუნქციონირებენ გარკვეული დასავლური კომპანიები და ფინანსური სექტორები რუსეთის ტერიტორიაზე; შეიცვლიან სახელს, შეეცდებიან მაქსიმალურ მიმიკრიას სანქციების თავიდან ასაცილებლად; უზარმაზარ პერსონალურ მოგებებსაც გამოწურავენ ათასნაირი მაქინაციებით;
გამოიყენებენ ბუფერულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეებს თავისებურ პარაკრიმინალურ „ოფშორებად“, მაგრამ საბოლოო კრახი მაინც გარდაუვალი იქნება. ამ პროცესში რუსეთი პრაქტიკულად დაკარგავს თავისი დარჩენილი ინტელექტუალური პოტენციალის არსებით ნაწილს ემიგრაციის სახით. რუსულ სამხედრო ინდუსტრიას მომავალი აღარ ექნება თანამედროვე, დახვეწილი ტექნოლოგიების განვითარების შეუძლებლობის გამო.
რუსული სამხედრო ოპერაციები უკრაინაშიც ზუსტად იმდენი ხანი გაგრძელდება, რამდენიც დასჭირდება რუსეთის საბოლოო ჩახსნას საერთაშორისო ეკონომიკური სივრციდან. უკრაინას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი „ვალუტა“ ამჟამად მთელ ევროპაში. ეს „ვალუტა“ არის მოტივირებული, გაწვრთვნილი, ბრძოლის ჟინით სავსე ჯარისკაცი. ასეთი ჯარისკაცების ყოლის ფუფუნება დიდი რაოდენობით, ამჟამად მსოფლიოს არცერთ დიდ ქვეყანას არ გააჩნია.
ამასთან, უკრაინელი და უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჯარისკაცების რაოდენობა დროთა განამვლობაში არათუ შემცირდება, არამედ გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. უმაღლესი ხარისხის ამერიკულ და ევროპულ იარაღთან ასეთი ჯარის „დაწყვილება“ უპირობოდ შექმნის პლანეტის ერთერთ წამყვან სამხედრო ძალას. ამ ძალას ვერანაირად ვერ დაუპირისპირდება რუსეთის დეგრადირებული ოფიცერთა კასტა და უინტელექტო, გაუწვრთვნელი, უმოტივაციო ჯარისკაცების ამორფული მასა.
ოღონდ … ამისათვის აუცილებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდეს და კონფლიქტი არ დაკონსერვდეს. ამასთან, აუცილებელია რომ რუსეთმა კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს თავისი ამჟამინდელი ლიდერი მთელი თავისი ძალაუფლებით. საკმარისია ომის შეწყვეტა, რომ რუსეთის მსოფლიოსგან „ჩახსნის“ პროცესი ჯერ შენელდება, მერე კი სრულიად შეწყდება.
ასევე საშიშია პუტინის ჩანაცვლება რომელიმე მკვეთრად ნაციონალისტი ლიდერით, მაგალითად ნავალნით, რომელსაც დასავლეთი გარკვეულ შეღავათებს აღუთქვამს იმის იმედით, რომ ახალი ლიდერი რუსეთს დემოკრატიის რელსებზე შეაყენებს. ეს იქნება ე.წ. „გადატვირთვის“ მორიგი მახინჯი და მავნე ვერსია.
ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ საშიში მიმართულებით სვლის აღკვეთა შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდია თავიანთი უკომპრომისო პოზიციით. ისინი წარმოუდგენელ ფსიქოლოგიურ დაწოლას უძლებენ ყოველდღიურად. როდესაც გავიაზრებთ, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი ოსტინი და მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი უბინძურესი პოლიტიკოსი სილვიო ბერლუსკონი ერთნაირი პათოსით მოუწოდებენ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ, დაახლოებით მიხვდებით რა დომხალიცაა ამერიკა-ევროპის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში ამ ომთან დაკავშირებით;
მიუხედავად იმ კოლოსალური ფინანსური და სამხედრო დახმარებისა, რომლებსაც ისინი უკრაინას აწვდიან. ეს ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო და არის, რადგან კრებითი „დასავლეთი“ ცდილობს განჭვრიტოს რუსეთისგან გაჩენილი „ვაკუუმის“ საშიში გავლენა მსოფლიო უსაფრთხოების ბალანსზე. საკმარისია ზელენსკიმ მცირეოდენი სისუსტე გამოიჩინოს და რაიმე კომპრომისზე წავიდეს, რომ მსოფლიო სულ სხვა მიმართულებით გააგრძელებს სვლას.
საქართველოს მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა მრავალი თვალსაზრისით. რუსეთის მიერ საქართველოსგან ე.წ. ბუფერული, ეკონომიკური ოფშორის შექმნა ბოლომდე გარყვნის ისედაც არარსებულ პოლიტიკურ სექტორს, რომელიც რეალურად ერთ კაცზე აწყობილი პარაკრიმინალური სინდიკატია. ქვეყანაში შემოვა კოლოსალური რაოდენობით შავი ფული, რომელიც ბიუჯეტს გვერდს აუვლის და სინდიკატის უმაღლესი კლანის ჯიბეებში ჩაილექება. რუსეთში კი არალეგალური ფინანსური ოპერაციების ერთადერთი განმკარგველი სპეცსამსახურები იქნებიან, რომელთაც განკარგულებაში ეყოლებათ პროფესიონალი მკვლელებისა და დივერსანტების გაწვრთვნილი ჯგუფები.
ამ ჯგუფების მოქმედების არეალი გავრცელდება საქართველოს ტერიტორიაზეც, რაც აქამდეც ხდებოდა, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით. მოკლედ, როგორც მესამე რაიხის ოქრო ინახებოდა შვეიცარიაში და ამიტომ არ ისურვა ჰიტლერმა იქ შესვლა, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იქმნება საქართველოსთან დაკავშირებით. რუსეთს ჟანგბადივით სჭირდება დასავლეთთან მჭიდროდ ასოცირებული ბუფერული ზონა, სადაც თავის უკანონო, ფინანსურ ოპერაციებს განახორციელებს.
თუ ვინმე რატომღაც დაინტერესდება რუსეთიდან საქართველოში გადმოხვეწილი პროფესიონალების საქმიანობით, მარტივად აღმოაჩენს, რომ ისინი ძირითადათ დასავლეთის მიერ დაყადაღებული რუსული ფულის რეცხვით არიან დაკავებულნი. აქედან მოდის თავდაჯერებული პროპაგანდაც, რომ საქართველოს მთავრობა იცავს ქვეყანას თავისი ბრძნული და მოზომილი მოქმედებით რუსეთის შემოჭრისაგან. ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის უკრაინის დაზვერვამაც.
ამიტომ… ხსნა ომის გაგრძელებაშია. უკრაინამ უნდა გაზარდოს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა და არ დაუშვას არანაირი კომპრომისი თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით. თეორიული შანსი იმისა, რომ კუთხეში მიყენებული პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მიზერულია, რადგან რუსეთის მაკონტროლებელ მაფიოზურ ელიტას არანაირად არ ეტყობა საფლავში გმირულად წასვლის სურვილი და გამწარებული მუშაობს თავისი მილიარდების დასავლეთში უსაფრთხო გადატანაზე ახალი სახელებით, ანგარიშებითა და მაქინაციებით.
უკრაინის გამარჯვება იმდენად შეცვლის პოლიტიკურ ამინდს აღმოსავლეთ ევროპაში, რომ ალბათ შესაძლებელს გახდის საქართველოში ჩალექილი რუსული სპეცსამსახურების და მათი ფინანსური აპენდიქსების ნეიტრალიზების პროცესს. თუ ზემოთქმულს გავიაზრებთ, ადვილი გასაგები გახდება, რატომ მიმდინარეობს ამჟამად პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის დისკრედიტაციის უწყვეტი პროპაგანდა ქართული სამთავრობო „პროქსების“ მიერ”, – წერს გურული.