„2017-19 წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ არ დავიცავით მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ისევე, როგორც, „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი დანარჩენი 12 მოსამართლე, გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ სხვა სპიკერების ბულინგისგან. ბოლოს, თამაზ ურთმელიძე ისევ სტრასბურგის სასამართლოს დასაცავი გახდა, რომელმაც გვარამიას მხრიდან მისი ბულინგი უმკაცრესად დაგმო. ეს მეორედ აღარ უნდა დავუშვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან.
მინდა ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით. მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია. თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა.
თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.