“მტევანდიდი…აკიდო” – გურული ვაზი

მტევანდიდი გურიაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული, საკოლექციო ჯიშია. მისი პროდუქცია გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინის დასაყენებლად.
ზემო გურიის ზოგიერთ სოფელში (ფარცხმა, საჭამიასერი, დაბლაციხე) მტევანდიდი ცნობილია აგრეთვე აკიდოს სახელწოდებით, რაც გურიაში ორმტევნიან რქას ნიშნავს.
მტევანდიდის გავრცელების თანამედროვე არეალი მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და პროდუქციის საკმაოდ მაღალი ღირსებისა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც პირველყოვლისა გამოწვეულია უხვმოსავლიანი ჯიშის ცოლიკოურის ფართო გავრცელებით და ამავე დროს იმ გარემოებით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტად მცირედ გავრცელების გამო მტევანდიდს ნაკლებად იცნობს.
ღვინო წითელი ფერისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, საკმაოდ მაღალი გემური მაჩვენებლებით. გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share