ომი გამოგვიცხადა საკუთარმა ხელისუფლებამ, რადგან ომი გამოუცხადა ღირებულებებს – ბერძენიშვილი

პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა ფორმულას ეთერში 26 მაისზე და საქართველოსთვის თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებას დღეს საფრთხე ემუქრება, რადგან არსებულმა ხელისუფლებამ ომი “ღირებულებებს გამოუცხადა”.

“როცა გეკითხებიან თავისუფლება გირჩევნია თუ მშვიდობა. ხომ მაღალი ღირებულებაა მშვიდობა, მაგრამ თავისუფლებასთან შედარებით ის არაფერია, აი საერთოდ არაფერი არ არის, იმიტომ რომ თუ თავისუფალი არ ხარ, არც მშვიდობა გჭირდება, იმიტომ რომ ცოცხალი არ ხარ. თავისუფლება არის სიცოცხლე, 26 მაისი არის საქართველოს სიცოცხლის დღე, როდესაც პულსზე ხელს დაადებ და ძგერს, ანუ თავისუფალია.

ამას საფრთხე ემუქრება და ასეთი ხელისუფლების ხელში საფრთხე ემუქრება კი არა ომზე უარესია, ომი გამოგვიცხადა საკუთარმა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ომი გამოუცხადა ღირებულებებს” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პროფესორის თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა დამოკიდებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, სასამართლოს რეფორმაზე.

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც ასეთ შანსს ხელიდან გაუშვებს ქვეყნის სათავეში ვერ დარჩება.

“ვუსმენდი დღეს საქართველოს პრეზიდენტს. ამბობს, რომ არ გვაპატიებს თაობა. ქალბატონო სალომე, შენ არ გაპატიებს. იმიტომ, რომ მის ხელშია. საქართველოს ევროკავშირის წევრობა გადის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, სასამართლო სისტემის გამოცვლაზე, რეფორმების გაგრძელებაზე – არაა უპირობო. და გვეუბნებიან, რომ თუ ამას არ მივაღწევთ არ გვაპატიებენ, მაშინ უნდა მოაყოლონ, რომ აი, ახლა მივიღე გადაწყვეტილება. მის ხელშია ეს.

ბევრი ყალბი ლაპარაკი გვესმის ახლა. საქართველოს ჰყავს ისეთი პრემიერმინისტრი, რომ ღირსეული ქვეყანა თავს მოიკლავდა, უბრალოდ არ ახასიათებთ ქვეყნებს ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, მაგრამ სამარცხვინო მთავრობა გვყავს, ძალიან სასაცილო პარლამენტი გვყავს. ძალიან სუსტები ვართ, როგორც ჩანს, მაგრამ იმდენი გვქონდა გაკეთებული ისტორიულად, რომ გვინდა ეს კანდიდატობა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ბოლო შანსია. ეს არის როგორ იცით? აი, ხედავ რომ მიდის ისტორიის მატარებელი, არის ბოლო ვაგონი, შეგიძლია ახვიდე და უცებ გეუბნებიან რომ იცით რა, მე იმდენად მინდა ხელისუფლებაში დავრჩე, რომ დიდი ამბავი თუ არ ახვალ მაგ მატარებელში. აი, უკვე გველაპარაკებიან, რომ თუ არ მოგვცეს [კანდიდატის სტატუსი] ნაცების ბრალი იქნება. ვისი ბრალიც უნდა იყოს, ის ხელისუფლება, რომელიც ასეთ შანსს ხელიდან გაუშვებს, რომ ვერ დარჩება ამდენი ტვინი როგორ არ აქვთ?

ამიტომ დიახ, 26 მაისი არის საქართველოს არსებობის დღე და მე იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო 26 მაისია, როცა ობლად ვართ და შემდეგზე უკვე ვიქნებით კანდიდატები. იმედი მაქვს, რომ ევროპა სწორ პირობებს წააყენებს და იმედი მაქვს, რომ ეს პირობები შესრულდება”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share