რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გულწრფელად გაღიზიანებულია ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის და მისი ჯარის საქმიანობით უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის ფონზე. ამის შესახებ Kit წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, თავიდან პუტინს მოეწონა „კადიროველთა“ საქმიანობა უკრაინაში და მან საჯაროდ შეაქო ისინი „გამბედაობისთვის“. თუმცა, ბოლო დროს პუტინი გაღიზიანდა კადიროვისა და მისი ქვედანაყოფების მედია აქტივობით, რაც ნაწილობრივ უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობისა და დამარცხების ზოგადი საინფორმაციო ფონით არის განპირობებული.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინის უკმაყოფილებას, ასევე, ხელს უწყობენ რუსული არმიის წარმომადგენლები და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა. რუს სამხედროებს, სავარაუდოდ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ კადიროვის ჯარები არ გამოირჩეოდნენ ბრძოლაში აქტიურობით, მაგრამ მედიაში ისინი იქმნიან იმიჯს, თითქოს თავად უფრო მამაცები და ქმედუნარიანები არიან, ვიდრე სხვა მებრძოლები.
როგორც Kit აღნიშნავს, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები შიშობენ, რომ კადიროვი ზედმეტად აგრესიულია.