პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ბრძოლა არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღითი დღე კვდება.
თაკო ჩარკვიანი, მოსახლეობის და ოპოზიციის ნაწილს რუსთაველზე დგომისკენ მოუწოდებს.
„უდიდეს პოლიტიკოსზეა საუბარი და ამ პოლიტიკური სარჩულის გამოცლა ნელ-ნელა ხდება შეჩვევით. რაღაცას ვერ ვაკეთებთ ისე. აწრიალებულს ვერ ვხედავ ქუჩას. არ არის საკმარისი ბრძოლა. დღითი დღე ეს კაცი ციხეში გვიკვდება – სირცხვილია. მხოლოდ მასზე კი არ ფიქრობ მაგ დროს, შენს ქვეყანაზე ფიქრობ. ვითხოვ, არ იყოს ჭაობი და სტაგნაცია, ეს არ არის ბრძოლის ფორმა. ვიდგეთ იმ ოხერ რუსთაველზე. როდესაც ვიყავი ოპოზიციაში ქუჩა იყო „ამტუტებული“.
დიდ და პატარა ზომის კორუფციონერებს ძალიან ეშინიათ სამომავლოდ და ამიტომ ამ შიშით დავხოცავთ ქართველები ერთმანეთს, დავღუპავთ და დავაქცევთ ამ ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი პოლიტიკოსი და უზარმაზარი ინსტიტუტების აღმშენებელია“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.