ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებებია.
მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაღებულ კატესა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს მონაცემებს შორის არის სხვაობა, რომელიც ჯანმრთელობის ნეგატიურ განვითარებაზე მიუთითებს. ჯიშკარიანი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ ექსპერტიზის ჩატარების პროცესს.
“ჩვენ ველოდებით სასამართლოს განჩინებას და შემდგომში, რა თქმა უნდა, ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება და დაიგეგმება ექსპერტიზის განხორციელება ეს არის სასამართლო ექსპერტიზა, შესაბამისად ალბათ მრავალი თემა იქნება კონფიდენციალური ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე , ასევე ველოდებით სასამართლო განჩინებას ამ ეტაპზე და შემდგომში იუსტიციის მინისტრს მოვიწოდებთ, ხელის შეშლას არ ჰქონდეს ადგილი.
რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ეს არის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიაზე, სწორედ ის ცვლილებები რომელიც ჩვენს დასკვნაში დეკემბერში იქნა პროგნოზირებული სამწუხაროდ. გორის ჰოსპიტალში გადაღებულ კატესა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს მონაცემებს შორის არის გარკვეული სხვაობა, რაც მიუთითებს ნეგატიურ განვითარებაზე”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი
აღსრულდება თუ არა კანონი და როდის შევლენ მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტები ისევ უცნობია. სასამართლომ გადაწყვეტილება 5 დღის წინ მიიღო, თუმცა იუსტიციის სამინისტრო მედიკოსების ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაშვებას არ ჩქარობს.
ბრეგაძის უწყება განჩინებას სასამართლოსგან ელოდება, თავად სასამართლო კი ხელს პენიტენციური სამსახურისკენ იშვერს.
სანამ ხელისუფლება დროის მოგებას ცდილობს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე მე 18 დღეა კლინიკა ვივა მედში მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა, გრძელდება წონის პროგრესული კლება.