პოლიტიკური მკლავჭიდი ანუ “ამ ფარჩაკებმა როგორ უნდა გვაჯობონ” – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

დღეს, როცა უკვე სიტყვების პოვნა რთულია იმის ასახსნელად, თუ რა მიმართულებით მოძრაობს ჩვენი ქვეყანა, როცა თითქოს ყველაფერი უკვე ითქვა და ახლის თქმა შეუძლებელია, როცა ეპითეტებმა და ზედსართავმა სახელებმაც თითქოს თავი ამოწურა, არსებობს ერთი მარტივი, მოკლე და გულწრფელი ენა, რომელიც სრულად დაგვანახებს, თუ რაშია ქვეყანა გაჩხერილი და საიდან ვცდილობთ ამოძრომას. ეს სოსო ჯაჭვლიანის ენაა, ამბავი კი იმის შესახებაა, თუ რა დაატყდა თავს ქართულ მკლავჭიდს.

ქართული ოცნების ისეთი ზოგადი მახასიათებლები, როგორიც უთავბოლობა, უმართაობა, ჯინიანობა და არაკვალიფიციურობაა, სრულად აისახა ქართულ მკლავჭიდზე და სავალალო შედეგი უკვე დადგა: საქართველო, რომელიც წლების მანძილზე სპორტის ამ სახეობაში ლიდერი იყო, მალე მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, დღეს სრულად დისკვალიფიცირებულია. ალტერნატივაც მთელი ქვეყანასავით ნათლად ჩამოყალიბებულია – რუსეთი და ბელარუსი ალტერნატიულ ჩემპიონატს აწყობენ და იქ გვეპატიჟებიან. ალტენატიულ მსოფლიო თასზე, კიდევ უფრო ზუსტად – ალტერნატიული მსოფლიოს. სპონსორი და ორგანიზატორი, ბუნებრივია, რუსეთია, საქართველოს ფედერაცია ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს, მაგრამ რა უნდა ქნან სპორტსმენებმა?! მათი ალტერნატივა ან რუსეთში წასვლაა, ან სხვა ქვეყანაში თავშესაფრის პოვნა.

ეს ვითარება მინი ვერსიაა იმისა, თუ რა სჭირს დღეს საქართველოს, არამარტო სპორტის ერთ სახეობაში, არამედ ზოგადად. საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, ნატოს მთავარი მოკავშირე და შტატების სტრატეგიული პარტნიორი იყო, დღეს ამ კატეგორიებში აღარ ასპარეზობს.

რევოლუციები და ცვლილებები ბევრგან მომხდარა, მაგრამ ამ ცვლილების შემდეგ რეალური რეფორმების კონსოლიდაცია იშვიათი და საგამონაკლისო ამბავია. საქართველო სწორედ ასეთი იყო. ამან აქცია ჩვენი პატარა ქვეყანა მისაბაძ და სასწავლო მაგალითად ბევრისთვის, ამიტომ ჟღერდა ქართული რეფორმების სახელი ყველგან, სადაც არაეფექტურ სახელმწიფოსთან, ჩამოშლილ ინსტიტუტებთან და უიმედო საზოგადოებასთან დაპირისპირება უნდოდათ.

დღეს საქართველო არაფერს მსგავსს აღარ ასხივებს. უფრო პირიქით – დღეს საქართველო კოლექტიურ „ანტიდასავლეთთანა“, ანუ ალტერნატიულ მსოფლიოსთნაა შეკრული.

ჩვენ კი თვალს ვადევნებთ სახელწიფო მმართველობის, ეკონომიკის, ბიზნესის, სპორტის თუ სხვა დარგების სრული თუ ნაწილობრივ გადადინებას ამ ალტერნატულ სამყაროში, სადაც რუსეთი და ბელარუსი ქართველ მკლავჭიდელებს ასე გულმოდგინედ ეპატიჟებიან.

ამაზე უფრო მარტივი ენით რანაირად უნდა გვითხრას ან გვაჩვენოს ისტორიამ ის, თუ რა გველის წინ. ივანიშვილთან  და მმართველი პარტიის ლიდერებათან ამაზე ლაპარაკს აზრი ისედაც არ აქვს, რადგან ისინი თავად ხელმძღვანელობენ და მართავენ ამ პროცესს.

მინდა, ოცნების რიგით წევრებს და მხარდამჭერებს მივმართო, მათ ვისთვისაც ამ ქვეყნის ბედი სულერთი არ არის: ჩვენი არ გესმით, ოპოზიციის არ გესმით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების არ გესმით, ექიმების, მწერლების, მსახიობებს არ გესმით. აი სოსო ჯაჭვლიანს მაინც მოუსმინეთ. დღეს მკლავჭიდის ფედერაცია აღმოჩდა რუსეთისა და ბელორუსის დახმარების ამარა, ხვალ ზუსტად იმავე მდგომარეობაში ჩავარდება დასავლეთისგან და ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული, მიტოვებული და დისკვლიფიცირებული ჩვენი ქვეყანა.

ვიაროთ მერე ალტერნატიულ ჩემპიონატებზე “ალტერნატიულ მსოფლიოში” და თავი იმით დავიმშვიდოთ, ისიც თუ გაგვიმართლებს, რომ “რუსკი მირში” მაინც ვიქნებით ჩემპიონები… და აღარ გვიშველის მერე დარდი და სასოწარკვეთა, ან იმის ფიქრი და გოდება: – ეს როგორ დაგვემართა?! .. აქ როგორ მოვხვდით?!.. რანაირად გვაჯობესო?!..

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share