საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების წევრებისგან ისმის არასაჭირო თუ დაუფიქრებელი განცხადებები იმ დროს, როცა ყველა კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.
“ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის უფრო სხვათა შორის პარტიის კუთხით უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს.
როცა ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება, შეფასება კომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოსა და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე, რომლებიც ცოტა გაუგებარია”, – თქვა ზურაბიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.