“მეკითხებით, რა ლოგიკაში ჯდება, ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ, იმიტომ, რომ ამის ლოგიკას ვერ ვხედავ, უნდა ეკითხებოდეთ იმათ, ვინც გამოდიან ასეთი განცხადებებით ამ დროს” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პალიტრანიუსის კითხვას, რა ლოგიკაში ჯდება მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ევროპარლამენტარების კრიტიკა და “ერთგვარი ანტიდასავლური რიტორიკა” იმ ფონზე, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობაზე გადაწყვეტილებას ელოდება.
“ჯერ ერთი, რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია. მეორე საკითხია ამ ყველაფრის დროულობა – რომ არ შეიძლება ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება ითქვას, რაღაც მომენტში რეაქცია მოხდეს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით ცოტა გაუგებარია” – ამბობს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატობის მოლოდინის პროცესში “სხვა რიტორიკა” შეიძლებოდა.
“ბოლო პერიოდში გვესმის უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, არ ვიცი დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს…
თქვენ ახლა მეკითხებით, რა არ გავაკეთეთ თუ რა გავაკეთეთ, და ამ დროს, როცა ეს კითხვა ყველაშია და ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება კომისიის პირველი შეფასება და შემდგომ ალბათ ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილება, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც ცოტა გაუგებარია” – თქვა ზურაბიშვილმა.