თუ ახლა დეზერტირების ბაზართან გაივლით, აგროპროდუქტებით დატვირთულ Tesla-ს დაინახავთ. მეტიც, შეძლებთ კიტრი, პომიდორი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული პირდაპირ ავტომობილის საბარგულიდან იყიდოთ. გამვლელები ინტერესით აკვირდებიან სანახაობას, უღებენ ვიდეოებსა და ფოტოებს. ბევრი მათ სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
აქტივობის ინიციატორი აგროტექნიკისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი დისტრიბუტორი „აგროსფეროა“, ხოლო იდეის ავტორი კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონი“. ღონისძიების მიზანი აგრომეურნეობაში თანამედროვე ტექნიკის როლის საზოგადოებისთვის შეხსენება და ამ საკითხის ირგვლივ მისი ინფორმირებაა.
„აგროსფერო“ უკვე 18 წელია რეგიონში ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნიკითა და მცენარეთა მოვლის საშუალებებით და უწევს აგრო-კონსულტაციას.
„აგროსფეროში“ ამბობენ, რომ სურთ თანამედროვე ფერმერობის შესახებ მეტ ადამიანს გააგებინონ და აგრომეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობა მათ სხვადასხვა ფორმით დაანახონ. გვპირდებიან, რომ Tesla-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენით დაწყებული კამპანია კიდევ დიდხანს გაგრძელდება და საინტერესო ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ მალე გაგვაგებინებენ.
მანამდე კი, Tesla-დან ბოსტნეულის საყიდლად დრო ჯერ კიდევ გაქვთ. თუმცა, იჩქარეთ, ავტომობილი დეზერტირების ბაზარს 14:00 საათისთვის დატოვებს.