არჩილ თალაკვაძის აზრით, გამოძიებამ დაადასტურა ნიკა გვარამიას “დანაშაული” და ომბუდსმენს “დაბალანსებული განცხადებები” მოეთხოვება. თალაკვაძე სახალხო დამცველის პარატის დასკვნას თანაპარტიელების მსგავსი კომენტარით გამოეხმაურა:
„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მითუმეტეს ომბუდსმენს ალბათ, ყველაზე მეტად მოეთხოვება დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავის მანდატის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს რეკომენდაციით მიმართოს პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ გვარამია, რომელიც გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პროკურორის პოზიციაზე მუშაობისას პირდაპირ ამართლებდა რეიდებს ტელევიზიებში. სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს გადაწყვიტა სასამართლომ, სადაც მას ჰქონდა საშუალება საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა,” – ამბობს თალაკვაძე.
სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია – ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ომბუდსმენმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაუსაბუთებელ განაჩენთან დაკავშირებით გამოაქვეყნა და საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.
ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატები ომბუდსმენს აკრიტიკებენ და “რჩევებს” აძლევენ.