2020 წელს სამყაროს სუპერგმირები და ყოვლისშემძლეები (ანუ ქალები) სამსახურებიდან სახლებში დაბრუნდნენ და მუშაობასთან ერთად ოჯახის საქმეებიც შეითავსეს. წლის გმირების სტატუსი მათაც ეკუთვნით, თუმცა გადავწყვიტეთ კიდევ რამდენიმე გამორჩეული ქალი გამოგვეყო, რომელთა მმართველობის, სიყვარულის, მზრუნველობის, გონიერების და ბრძოლის გარეშეც 2020 ბევრად უფრო რთული იქნებოდა.
მარნეულელი ქალები
მაისში მარნეულელმა ქალებმა ყველას გულები გაგვითბეს, როდესაც პანდემიის პირობებში ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც მაღალი საზოგადოებრივი სოლიდარობის მაგალითი გვიჩვენეს. სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.
ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც იმ დროს საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.
ქალთა საფეხბურთო კლუბი — ლანჩხუთი
ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ფინანსური პრობლემების და არც ისე მაღალი ცნობადობის მიუხედავად, გოგოებმა ისტორიული შედეგი გვიჩვენეს. ლანჩხუთი პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა.
წლის ბოლოს, 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელ ქალად გუნდის ბომბარდირი, ხატია ჭყონია დასახელდა.
კამალა ჰარისი
“შესაძლოა, მე ვიყო პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი ამ ოფისში, მაგრამ არ ვიქნები ბოლო”, — განაცხადა კამალა ჰარისმა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა. ის გახდა ამერიკის პირველი აფროამერიკელი, აზიელამერიკელი, ქალი ვიცე-პრეზიდენტი ამერიკაში. ისტორიული გამარჯვება, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკაში ქალთა ხილვადობის ზრდას და მათთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, კამალა ჰარისს არა მხოლოდ გასული წლის, ჩვენი საუკუნის უმნიშვნელოვანეს ადამიანად აქცევს.
2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქალები
წელს ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე ქალებმა ისტორია შექმნეს და მრავალ ძირითად კატეგორიებში გაიმარჯვეს.
ანდრეა გეზი ნობელის პრემიის ისტორიაში მეოთხე ქალი ლაურეატია, რომელმაც ჯილდო ფიზიკის დარგში მოიპოვა, შავი ხვრელის კვლევისთვის.
2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გენეტიკის, მიკრობიოლოგიისა და ბიოქიმიის ფრანგ მკვლევარს, ემანუელ შარპენტიესა და ამერიკელ ბიოქიმიკოსს, ჯენიფერ დუდნას, გადაეცათ — გენომის ცვლილების ტექნოლოგიის განვითარებისათვის. ეს ჯილდო აქამდე 5 ქალს აქვს მოგებული.
ამერიკელმა პოეტმა ლუიზ გლუკმა ლიტერატურის დარგში მოიპოვა ჯილდო და მე-16 ქალი გახდა, რომელსაც პრემიის 119 წლიან ისტორიაში ეს პატივი ხვდა წილად.
დეა კულუმბეგაშვილი
დეა კულუმბეგაშვილის მხატვრული ფილმი — დასაწყისი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში მოიპოვა ჯილდო, დეა კულუმბეგაშვილი კი საუკეთესო სცენარის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ფილმის ნომინაციების გამარჯვებული გახდა. ფილმი დამოუკიდებელი ქართული კინოს ისტორიაში პირველია, რომელიც კანის კინოფესტივალის მთავარ სექციაში მოხვდა. დასაწყისი ოსკარის დაჯილდოების ნომინაციისთვისაც იბრძოლებს, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
ჯასინდა არდერნი
ფოტო: Getty Images
როცა წამყვანი ქვეყნებს კრიზისთან გამკლავება გაუჭირდა, ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი, ჯასინდა არდერნი 2020 წელს წარმატებული ლიდერობის მაგალითი გახდა. ქვეყნის ისტორიაში მესამე ქალმა პრემიერმა ქვეყანა პანდემიისას, ყველაზე რთული გლობალური გამოწვევებისას მინიმალური დანაკარგებით მართა. დაახლოებით 5-მილიონიანი ქვეყნის კოვიდ სტატისტიკა ასეთია: 2 162 დადასტურებული და 55 აქტიური შემთხვევა, 25 გარდაცვლილი. არდერნი ქვეყნის სათავეში მეორე ვადითაც აირჩიეს.
სარა გილბერტი — COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი
ფოტო: JOHN CAIRNS/UNIVERSITY OF OXFORD
“რაღაც ეტაპზე მეცნიერებიდან წასვლას და რამე სხვა საქმით დაკავებას განვიხილავდი”, — ამბობს სარა გილბერტი. სამყარო მადლიერია, რომ მან მეცნიერულ კარიერას კიდევ ერთი შანსი მისცა, რადგან სწორედ მისი დამსახურებით გვაქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის კორონავირუსის ვაქცინა. მისი სამეცნიერო შრომის შედეგი პანდემიური 2020-ის დასასრულს იმედით გვავსებს.
ქალები, რომლებმაც ჰარვი ვაინშტაინი ციხეში ჩასვეს
ჰარვი ვაინშტაინი, მიმი ჰალეი და ანაბელა სიორა
ფოტო: Getty Images
2020 წლის 11 მარტს ციხეში წავიდა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი, რომელმაც 80-იანებიდან მოყოლებული უამრავი ქალზე იძალადა და მათი ნაწილის კარიერა დაასამარა კიდეც.
მსახიობი ეშლი ჯადი პირველი იყო, ვინც 2017 წელს, რონან ფეროუს მომზადებული სტატიიდან ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ქალების რაოდენობა, რომლებიც ვაინშტაინს შევიწროებაში, ძალადობასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ მალე 80-მდე გაიზარდა.
ვაინშტაინის წინააღმდეგ მთავარი მოწმეები მისი ყოფილი ასისტენტი მიმი ჰალეი და მსახიობი ანაბელა სიორა იყვნენ, რომლებმაც ის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ხმაურიანი ბრძოლა, რომელსაც ქალების გაძლიერება მოჰყვა, ნაწილობრივ დასრულდა და ერთ დროს ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი პროდიუსერს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასჯელს ნიუ-იორკის ციხეში იხდის.
დოლი პარტონი
2020 წელი არც ისე მარტივად დაწყებულა, თუმცა მაშინაც კი, დოლი პარტონმა შეძლო და სახალისო გამოწვევით აიყოლია მთელი მსოფლიო. როცა პანდემიამ იფეთქა, მან მშობლიურ ტენესში მედიკოსებს პირველადი საჭიროების ნივთები უსასყიდლოდ დაურიგა, სახლში დარჩენილი ბავშვებისთვის კი ზღაპრების კითხვა და ვიდეოსერიების ჩაწერა დაიწყო.
წლის ბოლოს, აღმოჩნდა, რომ დოლი პარტონმა კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი ვაქცინის შექმნა დააფინანსა. მან ჯერ კიდევ აპრილში ვანდერბილტის უნივერსიტეტს მილიონი დოლარი გადაურიცხა, ეს თანხა მოდერნას ვაქცინის შექმნისთვის გამოიყენეს. ბოლო კვლევებით, Moderna-ს ვაქცინა 94,1%-ით ეფექტიანია.
on.ge