კარგი იქნება, როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება ბატონი ამირანის განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეგულაციები დაიცვან. ვფიქრობ, რომ მოწოდება იყო ძალიან დროული. დროულია ჩვენი რეაქციაც, ამიტომ არის დღეს ჩემი ბრიფინგი. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა, ჩვენდა უნებურად, ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ. ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და ხელს უწყობს პრაქტიკულად ვირუსის გავრცელებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ეხება და არ ზღუდავს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ.
„ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული რეგულაცია და საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვასთან ერთად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს, დავდგეთ ადამიანების ჯანმრთლობისა და ქვეყნის ეკონომიკის, მისი შეუფერხებელი განვითარების სადარაჯოზე და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, რომ როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და რეაქცია ბატონი ამირანის განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ზოგადად საზოგადოებას მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი საიმისოდ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გავერთიანდეთ და მოწოდება იყოს საერთო, რომ ამით გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პოლიტიკოსებს და ამომრჩევლებს შეხვედრების დროს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. „მოგეხსენებათ, პოლიტიკური პროცესია ახლა ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რომ იყოს უფრო ხშირი შეხვედრები და გარე სივრცეში და იქაც ვიხმაროთ ყველამ პირბადე, როგორც თვითონ პოლიტიკოსებმა, ისევე საზოგადოებამ, რომელსაც ისინი ხვდებიან, რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.