მიხელ სააკაშვილის უფლებების დამცველებს კიდევ ერთი ადვოკატი უერთდება. დღეიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვაზე შალვა ხაჭაპურიძეც იზრუნებს.
ხაჭაპურიძე ბოლო 9 წლის განმავლობაში აქტიურად ითხოვდა სააკაშვილის დასჯას, ახლა კი მის დამცველთა რიგებს უერთდება. ამის მიზეზი შალვა ხაჭაპურიძემ თავად განმარტა: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას დღეს თანადგომა სჭირდება.
,,ტვ პირველის” კამერამ შალვა ხაჭაპურიძე დღეს კლინიკა ,,ვივა მედთან” დააფიქსირა. ადვოკატი საჯაროდ არ საუბრობს, რომ მესამე პრეზიდენტის იურისტების ჯგუფს შეურთდა, თუმცა ადასტურებს, სააკაშვილთან მეორედ შედის, ორდერი გამოწერილია და მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების პროცედურაზე იმუშავებს.
”კუჭი გადაკეტილი აქვს პრეზიდენტს, ახლა რამდენი ხანი იარსებებს გადასხმებით? ეღთ მშვენიერ დღეს იმ გადასხმასაც აღარ მიიღებს ორგანიზმი და პრეზიდენტი მოკვდება.
ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშავოთ ადვოკატებმა, რომ მტკიცებულებების შეგროვება მოვასწროთ. სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს ერთი წლის ვადით. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეში მოხვდება” – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
შალვა ხაჭაპურიძის გამოცდილება ამ სფეროში დიდია. განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომელიც საბოლოოდ სასჯელის გადავადებით დასრულდა. ამ გადაწყვეტილებით ადვოკატს 30-ზე მეტი მსჯავრდებული ჰყავს დახსნილი პენიტენციური დაწესებულებებიდან.