კომპანიის გაფიცული თანამშრომლები დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობენ. მათ დღეს 12 საათზე, ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა როგორც ირკვევა, ქალაქის მერიასა და პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში დაიბარეს და უთხრეს, თუ პროტესტის ამ მწვავე ფორმას მიმართავდნენ, დააკავებდნენ:
“მთელი საღამო მიმდინარეობდა რაღაც პროცესები, რომელშიც მონაწილეობდა მთელი სამხარეოს პოლიცია. ეს იყო მოწოდება, რომ თქვენ არაკანონიერად იქცევით და გზის გადაკეტვის შემთხვევაში, გვაქვს სრული უფლება დაგაკავოთო” – ამბობს ქარხნის ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.
გარდა ამისა, მათ დღეს მერიისგან მიიღეს დაპირება, რომ ბორჯომში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩავა, რომელიც შეხვდებათ და მათ პრობლემებს მოისმენს, ინფორმაცია ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. აქციის მონაწილეებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაელოდონ შეხვედრას და იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სასურველი და მისაღებ შედეგს ვერ მიაღწევენ, ამის შემდეგ გადაკეტავენ გზას.
უკვე მე-17 დღეა “ბორჯომის” ქარხნის 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია და ორივე ჩამოსასხმელი ქარხანა პარალიზებული. ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა პრობლემა მოგვარებულად გამოაცხადა, როცა თქვა, რომ ბორჯომის აქციონერი საქართველოს მთავრობა გახდა და “არავინ დაიჩაგრებოდა”. ღარიბაშვილის ამ დაპირების მიუხედავად, გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯერჯერობით მათ სასიკეთოდ არაფერი გადაწყვეტილა და კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.