“პროკურორები შემოიჭრნენ კლინიკაში, სცადეს პალატაში შევარდნა და მოაწყვეს სამედიცინო პერსონალის ინკვიზიტორული დაკითხვა” – ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ დღეს კლინიკა “ვივამედის” პერსონალზე, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტი სამედიცინო დოკუმენტაცია წარადგინა, ზეწოლა განხორცილდა. გიული ალასანიას ცნობით, პროკურორებმა მესამე პრეზიდენტის პალატაში შევარდნა სცადეს, ამის შემდეგ კი მედპერსონალის დაკითხვა მოაწყვეს, რათა დაეშინებინათ.

“მას შემდეგ, რაც საავადმყოფო “ვივამედმა” გასცა აბსოლუტურად ზუსტი სამედიცინო დოკუმენტაცია სასამართლოში წარსადგენად, კანონის შესაბამისად, საავადმყოფოს პერსონალზე განხორციელდა უპრეცედენტო ზეწოლა. პროკურორები შემოიჭრნენ მოსამართლესთან ერთად კლინიკაში. ჯერ სცადეს პაციენტის პალატაში შევარდნა, რასაც ექიმები აღუდგნენ წინ და შემდეგ ახორციელებდნენ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ინკვიზიტორულ დაკითხვას, რომლის ერთადერთი მიზანი იყო,

ჩემი აზრით, მათი დაშინება და პაციენტის ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა. ხელისუფლების ერთადერთი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის ინვალიდიზაცია, ან გარდაცვალების გამოწვევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის საქართველოდან გადაყვანის გადაუდებელ აუცილებლობას მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. სხვა შემთხვევაში, ეს ვერ მოხერხდება. განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ დღევანდელი პროვოკაცია განხორციელდა ხვალინდელი დღის, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების წინა დღეს”,- ამბობს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, კლინიკა “ვივამედი”, საქალაქო სასამართლო და ისევ კლინიკის პალატა – მიხიელ სააკაშილის სასამართლო პროცესის ლოკაცია, რამდენიმე საათში სამჯერ შეიცვალა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, დღეს დილით გადაწყვიტა, რომ მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, კლინიკაში უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოსთვის არცერთ მხარეს არ მიუმართავს, მოსამართლემ პროცესი, სხდომათა დარბაზში გადაიტანა.

ზუსტად დღის 3 საათზე კი ცნობილი გახდა, რომ ჩახნაშვილმა უბრალოდ იჩქარა და პროკურატურის სურვილს რამდენიმე საათით დაასწრო, რადგან 3 საათზე საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარე სწორედ ამ შუამდგომლობით მივიდა. მოსამართლე ჩახნაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესის ჩასატარებლად, ისევ ვივა მედში გადაინაცვლეს. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო და ეს ვივა მედის მედიკოსებმაც დაადასტურეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share