“პროკურორები შემოიჭრნენ კლინიკაში, სცადეს პალატაში შევარდნა და მოაწყვეს სამედიცინო პერსონალის ინკვიზიტორული დაკითხვა” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ დღეს კლინიკა “ვივა მედის” პერსონალზე, რომელმაც აბსოლუტურად ზუსტი სამედიცინო დოკუმენტაცია წარადგინა, ზეწოლა განხორციელდა. გიული ალასანიას ცნობით, პროკურორებმა მესამე პრეზიდენტის პალატაში შევარდნა სცადეს, ამის შემდეგ კი მედპერსონალის დაკითხვა მოაწყვეს, რათა დაეშინებინათ.

“მას შემდეგ, რაც საავადმყოფო “ვივამედმა” გასცა აბსოლუტურად ზუსტი სამედიცინო დოკუმენტაცია სასამართლოში წარსადგენად, კანონის შესაბამისად, საავადმყოფოს პერსონალზე განხორციელდა უპრეცედენტო ზეწოლა. პროკურორები შემოიჭრნენ მოსამართლესთან ერთად კლინიკაში. ჯერ სცადეს პაციენტის პალატაში შევარდნა, რასაც ექიმები აღუდგნენ წინ და შემდეგ ახორციელებდნენ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ინკვიზიტორულ დაკითხვას, რომლის ერთადერთი მიზანი იყო,

ჩემი აზრით, მათი დაშინება და პაციენტის ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა. ხელისუფლების ერთადერთი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის ინვალიდიზაცია, ან გარდაცვალების გამოწვევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის საქართველოდან გადაყვანის გადაუდებელ აუცილებლობას მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. სხვა შემთხვევაში, ეს ვერ მოხერხდება. განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ დღევანდელი პროვოკაცია განხორციელდა ხვალინდელი დღის, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების წინა დღეს”,- ამბობს გიული ალასანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share