ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტრი, გიორგი კეკელიძე 2021 წლის გეგმების შესახებ საუბრობს და ერთგვარ სიას წერს, თუ რისი გაკეთება სურს ამ წელს. გეგმები შეეხება როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე გურული დღიურების ფონდს და სხვა პროექტებს. საკუთარი გეგმების შესახებ კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სინამდვილეში, ჩემზე ზარმაცი ადამიანი ძნელად მოიძებნება. ის, რომ დღე-ღამ ვმუშაობ, სხვა რამის ბრალია. და რადგანაც ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ბავშვობას ეყრდნობა, ესეც მას დავაბრალოთ. ბებიამ მასწავლა, რომ ფურცელზე ჩამოვწერო გასაკეთებელი გეგმა და მას მივყვე ხოლმე. თუ ვერ შევასრულებ, ზარმაცი მერქმევა. ზარმაცზე სამარცხვინო კაცი კიდევ არავინაა, რადგან, როგორც ბებია ამბობდა: ,,სიზარმაცე ბუდეა, სიზარმაცე სენია, ამიტომაც მაღალ ღმერთს, ასე დაუდგენია, რომ კვირაში ექვსი დღე, დავიღალოთ, ვიშრომოთ და მეექვსე კვირა დღეს, დავისვენოთ, ვიუქმოთ”. ლექსი კი თავისთავად ვერაფერი, თან საბჭოთა დროს, აღმასკომი ეწერა მაღალი ღმერთის ნაცვლად, შეიძლება აღმასკომამდე ღმერთი, მაგრამ ამ ინერციამ კი გადამამტერა იმას, რაც, როგორც უკვე გამოგიტყდით – ძალიან მიყვარს.
მოკლედ ჩემი და ჩვენი შესანიშნავი გუნდის გეგმები, ახალ – 2021 წელს.
1. ეროვნული ბიბლიოთეკა – ლეგენდარული პირველი კორპუსის – რომელიც თითქმის ოცი წელია, დაკეტილია – პირველი სართულის რესტავრაცია. მთავარ, მრავალსართულიან საცავში კლიმატ-კონტროლის მოწყობა. პრესის მუზუემი (მეორე კორპუსი) და სტამბის მუზეუმი (ავლაბრის კორპუსი). ქუთაისის კავკასიის მთავარი დეპოზიტარიუმის და ცისფერყანწელების ბაღის დასრულება. ციფრული ბიბლიოთეკების განვრცობა.
2. ეკვილიბრიუმი – 100 სოფლის ბიბლიოთეკის განახლება, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკურად არაქართველი ჩვენი თანამოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში. სკვერი-ბიბლიოთეკების მოწყობა ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში.
3. გურული დღიურების ფონდი – ოცი ნიჭიერი მოსწავლის ან სტუდენტის გამოვლენა და მათთვის სტიპენდიის დანიშნვნა.
4. თომას ზღაპრების მეორე წიგნის გამოცემა არაჩვეულბრივ პატარა მხატვარ, ნიკა ლოლაძესთან ერთად.
5. მინიატურების გამოცემა ილუსტრატორ ლანა ჯოხაძესთან ერთად და ლექსების კრებულის დასრულება.
6. პროექტი – სოფლები და ადამიანები – ვიდეო-ესკიზები ნათელა გრიგალაშვილთან ერთად. ამ ყველაფრის წიგნად გარდაქმნა (ფოტო + ტექსტი).
7. ფილმზე მუშაობის დაწყება, რომლის რეჟისორიც ლევან კოღუაშვილია და მე სცენარისტი გახლავართ.
8. ნაშრომის – „ქორწინებისა და დაკრძალვის რიტუალები გურიაში” – გაგრძელება. ხელმძღვანელი ზურაბ კიკნაძე.
კიდევ იქნება გაკვეთილები, ლექციები, ტელე და რადიო-რუბრიკები, მოულოდნელი ან დაფარულად მოსალდონელი ამბები. აქაც შეგეხმიანებით ხოლმე – სამწუხაროდ, უფრო იშვიათად, მაგრამ აუცილებლად. საუკეთესო წელს გისურვებთ“,- წერლს გიორგი კეკელიძე.