ცნობილი ოზურგეთელი ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი, გასული საუკუნის 80-იანი წლების ოზურგეთის “მერცხალის” “ოქროს ხანის” შემომქედი, ბახვა გიორგაძე 85 წლის ასაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში გარდაიცვალა.
გამოჩენილ ქართველ მწვრთნელს ხვალ, მშობლიურ სოფელ შემოქმედში დაკრძალავენ.
ბახვა გიორგაძესთანაა დაკავშირებული ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიის ერთერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა, რომლის სათავეშიც აწ განსვენებული თითქმის მარტო იდგა.
მისი ხელმძღვანელობით “მერცხალი” რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის პირველობის მეორე ლიგაც მოიგო და მაშინდელ საბჭოთა კავშირის მასშტაბით საუკეთესო 40 კლუბში შესვალაზე, ანუ პირველი ლიგის საგზურის მოპოვებაზე სულ ცოტა დააკლდა.
საკუთარი მოღვაწეობის პერიოდში ის რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა ლაითურის “გიგანტს” და ოზურგეთის “მერცხალს” მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოველთვის საფეხბურთო კლუბები გამოირჩეოდნენ ამბიციებითა და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლით.
ოზურგეთის ს/კ “მერცხალის” მთელი კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება ღვაწლმოსილი დამრიგებლის გარდაცვალებას და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს, ნათესავებსა და ოზურგეთის ფეხბურთის გულშემატკივრებს.