7 დამოუკიდებელი მედიასაშუალების ერთობლივი მიმართვა საზოგადოებას:
“დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორიაში ჩვენ თითქმის არასდროს გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტი, როგორც ახლა. ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან ნათელი არჩევანის წინაშე: ევროკავშირი თუ ოლიგარქი. ევროკავშირი, სადაც არის ჩვენი განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა და უსაფრთხოება, თუ ოლიგარქი, რომელსაც ყველგან – პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საჯარო ცხოვრებაში აქვს საკუთარი ინტერესი; რომელიც მართავს ყველა სახელისუფლებო შტოს – პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს.
ევროკავშირი დღეს ჩვენ გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება, მისი ქმედებებითა და განცხადებებით, ამ კარს გულმოდგინედ კეტავს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის უარი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარუმატებლობაა, რაც დღეს – ახალი მსოფლიო წესრიგის დადგენის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის უკრაინის თავს დატეხილი რუსული აგრესიის ფონზე შეიძლებოდა განგვეცადა. ეს ისეთი მარცხია, რასაც არ იმსახურებდნენ არც ჩვენი წინაპრები – ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები, არც ჩვენ და არც მომავალი თაობები. ეს არის მარცხი, რომელიც ქვეყანაში მოიტანა ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, მისმა 1 კაცზე – ბიძინა ივანიშვილსა და მის ინტერესზე ორიენტირებულმა 10 წლიანმა მუშაობამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაშვებულია უპატიებელი შეცდომები (ყველაზე მსუბუქი შეფასებით) და ამ შეცდომებს სჭირდება საზოგადოების პრინციპული პასუხი, ვინაიდან მხოლოდ საზოგადოება შეძლებს დაიბრუნოს ის, რაც წაართვეს და რაც უპირობოდ მისია – ამ ქვეყნის მომავალი.
ჩვენ ხელთ გვაქვს გზამკვლევი – ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც ცხადად წერია, რა შემთხვევაში მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამ დათქმების შესრულება ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი. მათ შორის იმისიც, რაც ევროკომისიის დასკვნაში მედიაზე წერია. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დევნის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ამ მედიების მფლობელებს, უნდა შეჩერდეს. ის საქმეები კი, რომლებიც მისი წახალისებით მძიმედ დამთავრდა, უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები – დასჯილი. მათ შორის გამოვყოფთ 5 ივლისის ორგანიზატორებს, რომელთა გამიზნულმა ქმედებამაც გამოიწვია ჩვენი კოლეგის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და 53 ჟურნალისტის ფიზიკური დაზარალება. ასევე, გამოვყოფთ პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგად დაკავებული მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია საქმეს, რისი გამოსწორებაც ხელისუფლებას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ახლავე შეუძლია.
დღეს გვინდა მოგმართოთ თქვენ: ჩვენს აუდიტორიას – მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს. საქართველოში მოქმედ კრიტიკულ და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს გვიწევს თან ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის და თან ჩვენი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. ჩვენ გვევალება თქვენი ინფორმირება, სახელისუფლებო და რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მილიონებით დაფინანსებულ მანქანასთან გამკლავება, ძალაუფლების მქონეთა კონტროლი, თქვენს კითხვებზე პასუხების პოვნა, ჩვენს მასალებში თქვენი ინტერესის, ამ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული დასავლური კურსის დაცვა.
ჩვენ დღეს გეუბნებით, რომ შეგვიყვანეს ბრძოლაში, როდესაც არ არსებობს გზა უკან, ამიტომ ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ წინაშეა, გხედავთ – თქვენ, ჩვენს აუდიტორიას, რომელსაც გვინდა კიდევ ერთხელ შეგატყობინოთ: ვაპირებთ ნებისმიერ ფასად დავიცვათ ეს პროფესია და თქვენი უფლება – მიიღოთ მრავალფეროვანი ინფორმაცია; რომ ამ მძიმე დროს თქვენ სრულფასოვნად იყოთ შეიარაღებული ახალი ამბებით, შეძლოთ ინფორმირებული მოქმედება და საბოლოოდ ყველამ ერთად მივაღწიოთ იმ მიზანს, რაც ამ ადგილზე არაერთხელ გაცხადებულა და ხვალ, 20 ივნისს განსაკუთრებული შემართებით ითქმება: ჩვენ გვაქვს ერთი გზა – შინ ევროპისკენ, ამ გზას ერთად გავივლით და მივალთ დანიშნულების ადგილზე” – ნათვქამია განცხადებაში.
მიმართვას ხელს აწერს: მთავარი არხი, ფორმულა, TV პირველი, კავკასია, On.ge, პუბლიკა, ნეტგაზეთი.