“სრული აბსურდი და ბაკქანალიაა! ნუთუ, ასეთ საქართველოს ვაშენებდით?!”

“ნუთუ, ასეთ საქართველოს ვაშენებდით?!” – ასე იწყებს საუბარს მსახიობი ეკა ნიჟარაძე “კვირის პალიტრსთან” და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ საუბრობს:

”იცით, რა მაკვირვებს? – ამტკიცებენ, ოპოზიციას უნდა, ომში ჩაგვითრიოსო, – აბა, სად არის ოპოზიცია? სად არიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები? “ნაცების” საფრთხობელად გამოყვანაც აღარ გამოსდით, რადგან ეს პარტია საფრთხობელად აღარ გამოდგება. ნუთუ ჰგონიათ, რომ მათ მიერ შეთხზულ “შეთქმულების თეორიებს” ვინმე დაიჯერებს? რომ გამოდიან და ამბობენ, ბატონი ბიძინას ფული უნდა დავიცვათ და აქცია მოვაწყოთო, ესეც ხომ სრული აბსურდია?! ეროვნული მუზეუმიდან ამხელა კაცი გაათავისუფლეს, ამდენი წლის მეცნიერი და მის დასაცავად რატომ არ გამოდიან, ეს მაინტერესებს. ადამიანი ხომ თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებით და საქმისadmi ერთგულებით ფასდება და არა სხვა რამით? მეცნიერს და ხელოვანს საერთოდ არ სჭირდება არანაირი პოლიტიკა და პოლიტიკური ხედვა. უკვე გითხარით, საერთოდ არ მინდა ვიცოდე, სათავეში ვინ იქნება ან ოპოზიციაში რა ხალხია. ჩემი სურვილია, საქართველოში არჩევნები ნამდვილი დღესასწაული იყოს და არა თავ-პირის მტვრევა და ლანძღვა-გინება, როგორც ჩვენთანაა.

იქნებ ეს სოციალური ქსელების ბრალია? – შეგიძლია დაწერო რაც გინდა, გალანძღო, ვინც არ მოგწონს და ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ტროლ-ბოტები კი არა, თანამდებობის პირები ილანძღებიან საქვეყნოდ, ევროპარლამენტარებს ლანძღავენ და ვიღაც ტროლი რომ ილანძღებოდეს, რა პრობლემაა?

საშინელი პრობლემაა განათლების ნაკლებობა და კიდევ უარესი – უმუშევრობა. ადამიანებს საქმე არა აქვთ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. საშუალო ფენა აღარ არსებობს – ის ფენა, თვის დასაწყისში ხელფასი რომ ჩაერიცხება და თვის ბოლომდე ნორმალურად იცხოვრებს, არც შია და არც სწყურია… ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემაა გაუნათლებელი, უპერსპექტივო ახალგაზრდობა, რომელმაც არ იცის, რა აკეთოს. ამ რამდენიმე დღის წინ, აბაშიძის ქუჩაზე, ვიღაცებმა ერთმანეთს სროლა აუტეხეს და ორი ბიჭი დაჭრეს. ეს მოხდა ეპიცენტრში – იქ, სადაც სამი სკოლაა. ჩემი შვილიშვილიც იქ დადის, სწორედ იმ დროს ვაკითხავ ხოლმე და სკოლიდან გამომყავს. ძალიან მაწუხებს კითხვა – როგორ მივედით ამ ზღვრამდე? ნუთუ ასეთი საქართველო გვინდოდა ჩვენი შვილებისთვის?!” – აცხადებს ნიჟარაძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share