სამოქალქო მოძრაობა “სირცხვილია”, რომელიც დღეს, 20 ივნისს ევროინტეგრაციის აქციის ორგანიზატორია, მანიფესტს ავრცელებს. მანიფესტის ტექსტი აქციის მონაწილეებს შოთა დიღმელაშვილმა წაიკითხა.
მთავარი აქცენტები მანიფესტიდან:
ევროკავშირისკენ გზაზე მთავარი დაბრკოლება
“ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარი პრობლემა ეღობება. ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი”.
ახალი მოძრაობის დაფუძნება
“2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა!
ამიტომ 24 ივნისს თქვენ წინაშე წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი.
ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე”.
გეგმა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში
“ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება.
მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება”.
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართა. დღეს, 20 ივნისს, აქცია “გავრილოვის ღამის” სამი წლისთავზე იმართებოდა. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.
რადიო თავისუფლება