რამდენიმე დღეში გავიგებთ, მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ნაწილს ევროკავშირთან შეერთების იმედი აქვს, მეორე ნაწილი კი პესიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია, რუსეთი არ გავანაწყენოთ. როგორ განსხვავდება ამ ორი ჯგუფის არგუმენტები, ჩვენი რესპონდენტების მონათხრობითაც კარგად ჩანს.
ქეთი დოლიძე, რეჟისორი:
“არ მიგვიღებს ევროკავშირი და ნუ მიგვიღებს!”
”ჩემი მოსაზრება ასეთია: ვისაც არ ვუნდივართ, ნუ ვუნდივართ. ილიამ სწორად თქვა: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო და ასეც უნდა იყოს. რას უნდა დავაბრალოთ კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც საქართველომ ევროპიდან მიიღო? რა თქმა უნდა, ქვეყნის მოღალატე “ნაციონალურ მოძრაობას”. სწორედ მისმა წევრებმა ჩაიტანეს ევროპაში უარყოფითი ინფორმაცია საქართველოზე! ამ ხალხთან მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: როგორ შეიძლება შენს ერს უცხო ქვეყანაში ასმენდე და ამცირებდე მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ ხარ ხელისუფლებაში?! არ მიგვიღებს ევროკავშირი და ნუ მიგვიღებს – აი, დარდი! ევროკავშირზე იმან იჯავროს და ინერვიულოს, ვინც იქიდან ფულს იღებს, თორემ ქართველ ხალხს ამით ბევრი არაფერი დააკლდება. გული იცით, რაზე მწყდება? ქართველმა მანქურთებმა უკვე რამდენჯერ გაყიდეს საქართველო და ახლაც ყიდიან! გადახედეთ ჩვენს ისტორიას, ღალატის მეტი შიგ რამე წერია?! ან რა უნდა გვასწავლოს ევროკავშირმა, რომელიც თავად არის აბურდული და დაშლილი? როგორც დიდი ბრიტანეთი გამოეცალა მათ და ინგლისელები ახლა თავისთვის ცხოვრობენ, ასე ნაწილებად დაიშლება ეგ თქვენი ევროკავშირიც. ძალიან მაინტერესებს, უკრაინას ვინ უბიძგა ომისკენ? ამხელა მონსტრის – რუსეთის წინააღმდეგ ომში როგორ ჩაერთო. რატომ დაღუპეს ამხელა ქვეყანა, რომელიც ბოლოს სამ ნაწილად დაიშლება და ომიც ამით დამთავრდება. ამერიკას რა უჭირს, რუსეთს უკრაინის ხელით ებრძვის, მაგრამ უკრაინა ვინ და რატომ გაწირა?! ამ მონსტრთან ომს როგორ მოიგებდნენ?! მაგრამ შეაგულიანეს! ასეთი საშინელი ხელისუფლება, რომელიც ამერიკას ახლა ჰყავს, ჯერ არ ჰყოლია. ამას ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ქალი ვარ ამიერკავკასიაში, რომელიც ამერიკელებმა მეოცე საუკუნის ათ გმირ ქალს შორის დაასახელეს, მაგრამ ეს წესიერმა ამერიკელებმა გააკეთეს, ისეთმა ამერიკელებმა, ვინც ომისა და მშვიდობის ფასი იცის. იცით, კიდევ რა მაწუხებს? ზოგიერთები სანქციებსა და მეორე ფრონტის გახსნაზე რომ ლაპარაკობდნენ! ოკუპირებულმა ქვეყანამ შეიძლება მოწინააღმდეგეს სანქციები დაუწესოს?! კიდევ ერთი ფაქტი: ცხინვალი და ეს ამხელა რეგიონი სააკაშვილმა და მისმა ხალხმა არ ჩააბარა რუსებს? მაინტერესებს, ეს ხალხი ვის ამუნათებს და ღალატს ვის აბრალებს?!”
ნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი:
“ამ ურთულეს დროში უნდა გადავრჩეთ! “
”კარგი იქნება, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოგვანიჭებენ, მაგრამ მგონი ამას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. თუ არ მოგვცემენ, ესე იგი, რაღაცას არ გვიწონებენ. ჩვენი პოლიტიკოსები ძალიან ბევრს კამათობენ ე.წ. მეორე ფრონტის თაობაზეც, თუმცა ამის ინტერესი არავის ჰქონია. ჩემი აზრით, ეს არც რუსეთის ინტერესებში შედის და არც – ამერიკის. ნატოს გენმდივანმაც ხომ განაცხადა, ეს ომი დროზე უნდა დასრულდესო? უდანაშაულო ხალხი იხოცება. ყველას მშვიდობა უნდა! ფაქტია, რომ ასეთ საკამათო თემებს ყველა პოლიტიკური ძალა თავისი მიზნებისთვის იყენებს. 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ და თითქმის ვერაფერს ვცვლით, რაც ძალზე საწყენია. რაც შეეხება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ქართველებს ევროპის მოქალაქეობა ჩვენი წარსულის გამოც გვეკუთვნის: მე-12 საუკუნეში უკვე რენესანსი გვქონდა, შოთა რუსთაველი გვყავდა! ჩვენ ძველი ქრისტიანები ვართ, ამიტომ, ყველა ქართველი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს. მთავარია, მეორეხარისხოვან ერად არ მიგვიჩნიონ – ეს ჩვენს ძირძველ ქვეყანას არ უნდა აკადრონ. ბოლოს კი გეტყვით, რომ ერთი გამოუსწორებელი ნაკლი გვაქვს: განსხვავებული აზრის ატანა არ შეგვიძლია. ასე იყო ილიას დროსაც, მერე ეს პროცესი ილიას მკვლელობით, ბოლშევიკების შემოსვლით და ხალხის გაჟლეტით დასრულდა. ქართველ ერს ძალიან მძიმე დღეები გამოუვლია, მაგრამ არ დაღუპულა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან საშიში მტერი გვყავს – მტერი, რომელსაც 45-მილიონიანი უკრაინაც ვერ უმკლავდება, ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენი მცირერიცხოვანი ერი როგორმე დავიცვათ და ამ ურთულეს დროში კიდევ ერთხელ გადავრჩეთ!”
ნინო დარასელი, ჟურნალისტი:
“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დრო დადგებოდა!”
”როცა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდით, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დრო დადგებოდა, რომ უკვე დამოუკიდებელ საქართველოს ევროპაში ანუ შინ დაბრუნების შანსი მიეცემოდა და ამ დროს ჩვენს ქვეყანაში იცხოვრებდა ხალხი, რომელიც იტყოდა, აშშ-ს და დასავლეთს აქ მეორე ფრონტის გახსნა სურთო! საზოგადოების ეს ნაწილი, ჩემი აზრით, საერთოდ ვერ ფიქრობს, ამიტომ მათთან კამათს აზრიც არ აქვს. მათ მხოლოდ მშრალი ფაქტებით უნდა უპასუხო, ისე, როგორც ამერიკის საელჩომ გააკეთა. მეც მათ სიტყვებს მოვიშველიებ: “რუსულ დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ. ფაქტები კი ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში… ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი ყველას აბრალებს, გარდა საკუთარი თავისა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა. დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ინარჩუნებს და რაც უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა!” – ეს არის ამონარიდი ამერიკის საელჩოს განცხადებიდან, რომელსაც ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ის ჩვენი ერის უმრავლესობის აზრს გამოხატავს.”
კვირის პალიტრა