ღარიბაშვილმა სალომე სამადაშვილის შემდეგ, ქვეყნის მოღალატეებად დანარჩენი ოპოზიციაც გამოაცხადა. ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მან ანტიქართული უწოდა და თქვა, რომ ლობისტების მეშვეობით ოპოზიციამ ევროპის სახალხო პარტიის ხმების მობილიზება შეძლო:
“ყველაფერი გააკეთეს, მოახერხეს ის, მათი ლობისტების მეშვეობით და მათი მხარდამჭერი EPP-ის 300 დეპუტატის მობილიზება შეძლეს და მიიღეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია. ეს არის მავნებლობა და ეს არის მტრობა საქართველოსი” – თქვა ღარიბაშვილმა.
ამის შემდეგ კი ის უკვე შეურაცხყოფაზე გადავიდა: შე საცოდაო, თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას. ხაბეიშვილო შენ და ყველანი. სააკაშვილის ლიდერობით, თქვენ ხართ მოღალატეები – თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის მოსმენა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მას წესით ანგარიში უნდა წარედგინა, თუმცა ტრიბუნასთან დადგომის შემდეგ, ძირითადად ოპოზიციას, წინა ხელისუფლებასა და ევროპარლამენტარებს ესხმის თავს და ყველას მოღალატეებს უწოდებს.