ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მთისპირში ჩატარდა

მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა, 2022 წლის 22 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩატარდა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოა. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვაზე სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით განმახორციელებელი კომპანიის შპს „ბახვი 2“-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე გამოვიდა. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ტექნიკური, გარემოსდაცევითი და სოციალური საკითხების შესახებ დეტალური პრეზენტაციები ბახვი 2-ის გუნდის წევრებმა გააკეთეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მთისპირის თემში მერის რწმუნებული ვლადიმერ ჩავლეშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე მთისპირის თემის სოფლებში (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) მცხოვრები მოსახლეობა. საჯარო განხილვას ასევე, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებიც.
„მიგვაჩნია, რომ მდინარის კალაპოტში არსებული ჰიდროელექტროსადგურები ერთიანი მიდგომებითა და მაღალი სტანდარტებით უნდა იმართოს. ჩვენი ხედვა და ასევე, უნდა აღვნიშნო, მოსახლეობის თხოვნაც, ბახვი 2-ის პროექტიც ჩვენს კომპანიას აეშენებინა, გახდა მამოტივირებელი ფაქტორი პროექტით დაინტერესების დროს. ჩვენმა სპეციალისტებმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად პროექტი დახვეწეს – გაუმჯობესდა ტექნიკური პარამეტრები, მნიშვნელოვნად შემცირდა შეგუბების ფართობი. უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანს. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოგვიწია ნებართვების ახალ წრეზე წასვლა. სწორედ, ეს განახლებული პროექტი გამოვიტანეთ სკოპინგზე დღეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გარემოსდამცველებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების სწორად მართვა. ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ფაქტორს, რომ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ პროექტებს როგორც ქართული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით“ – განაცხადა შპს ბახვი 2 -ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღინიშნა, რომ კომპანიამ დიდი შრომა გასწია მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მუშაობისა და ინფორმაციის მიწოდების კუთხით.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის წარმატებულად გავლის შემდეგ, ხდება გზშ-ს ეტაპზე გადასვა.
ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 2 ივნისს და ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 6 ივნისს.
გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://nea.gov.ge/En/GZSH/194/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share